weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქობულეთში 14 წლის გოგონაზე მუქარის და ძალადობის ბრალდებით ბაბუა დააკავეს

16:59 ორშაბათი, 15 თებერვალი 2021

ქობულეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმეზე მისი ბაბუა, 76 წლის მამაკაცი დააკავეს. მას ბრალად ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა ედება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა

ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გოგონა სახლში ბაბუასთან და 18 წლის ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვებს მამა ადრე დაეღუპათ. უფროსი და დაოჯახებულია და მეუღლის სახლში ცხოვრობს. დედა კი სამუშაოდ თურქეთში იყო წასული. მას მშობლის უფლებები ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მამამთილის მოთხოვნით შეუზღუდეს.

თვითმკვლელობამდე ორი თვით ადრე გოგონამ და მისმა ნათესავებმა ქობულეთის პოლიციას აცნობეს, რომ არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თითქმის ორი თვე გააჭიანურა იმ საბაბით, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ ჰქონდათ, თუმცა არც სავარაუდო მოძალადე დაუკითხავთ. ამას მისი ადვოკატიც ადასტურებს. 24 წლის მამაკაცი პოლიციამ მხოლოდ 10 თებერვალს, მას შემდეგ დააკავა, რაც მსხვერპლმა თავი მოიკლა.

პროკურატურა აცხადებს, რომ 24 წლის ნ.ტ.-მ იცოდა, გოგონა თექვსმეტ წელს მიუღწეველი იყო, თუმცა, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამის შემდეგ მამაკაცმა გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა, მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა, რითიც დაამცირა მისი ღირსება და რის გამოც ბავშვმა თავი მოიკლა.

დაკავებულს ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა წარუდგინეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდაცვლილი გოგონას დედამ თქვა, რომ 2020 წლის დეკემბერში, როცა ნათესავებმა გოგონას გაუპატიურების შესახებ პირველად გაიგეს, ვიდრე პოლიციას მიმართავდნენ, ყოფილი მამამთილის ძმის შვილებმა ბავშვს სასტიკად სცემეს. დედის ინფორმაციით, ბოლო საუბრის დროს შვილმა ისიც უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბაბუამ სახეში ხელი გაარტყა.

14 წლის გოგონას ბაბუა მიიჩნევდა, რომ მისმა შვილიშვილმა თვითმკვლელობით დანაშაული გამოისყიდა. „ბავშვმა მოიკლა თავი, მისი დანაშაული, გაუპატიურებული რომ იყო, გამოისყიდა და დამთავრდა“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

 

ამ თემაზე:

სოციალურმა მუშაკმა იცოდა, რომ 14 წლის გოგონა თავის მოკვლას აპირებდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]