weather cur horoscope tv
აპრილი 22, 2021

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

16:23 სამშაბათი, 09 მარტი 2021 hits 225
ფოტოზე - გიორგი შაქარაშვილი ფოტოზე - გიორგი შაქარაშვილი

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16–16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ორი არასრულწლოვნის განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.

მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებას ბრალდებულების ოჯახის წევრებისა და ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა. არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამისთვის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.

„გადაწყვეტილებას არაფერი საერთო არ აქვს კანონთან. ეს არის ნაკარნახევი, პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჯერ კიდევ დეკემბერი, რომ მოსამართლეს დავალება ჰქონდა მიღებული და ამიტომ აჩქარებდა ამ პროცესს, რომელიც შეზღუდული არ იყო ვადებით. მან შეასრულა ის, რაც დაავალეს. სულ მალე მას ალბათ ვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, დაუფასებენ ამ მონურ შრომას“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის, ლელა გოგოლაძის თქმით, განაჩენს გაასაჩივრებენ: „სასამართლოსგან ველოდით სამართლიან, მტკიცებულებებზე დაყრდნობილ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, მივიღებთ ყველა რადიკალურ ზომას, რაც კანონის ფარგლებს არ ცდება და ვამხელთ ამ ხელისუფლებას, თუ კი რაიმე წვლილი მიუძღვის ამ გადაწყვეტილებაში“.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის 18-19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა, რასაც წინ უძღოდა 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება.

საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს, მათ შორის 6 არასრულწლოვანი იყო. თავდაპირველად, დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობას და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, 11 აგვისტოს, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს ბრალი დაუმძიმა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დამამძიბებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]