weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ რეანიმაციის მქონე კლინიკებში ჩატარდება

16:35 პარასკევი, 19 მარტი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვის მიზნით, აცრები ჩატარდება მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში, სადაც რეანიმაციული განყოფილებებია.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის შემდეგ 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, თბილისში გადაყვანის შემდეგ კი ქალი რეანიმაციაში გარდაიცვალა.

„ქალბატონი მეგი იყო პირველი ექთანი, ვინც ახალციხეში მოგვიწოდა ვაქცინაციის დაწყებისკენ, თუმცა ეს შედეგი დადგა, რასაც ნამდვილად არ მოველოდით. დანაკარგი დიდია, თუმცა ჩვენ ისიც გვესმის რამდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ, რაც უკავშირდება ეპიდემიის პროცესს და როგორია მოსალოდნელი სარგებელი ვაქცინაციის პროგრამის.

ამდენად, ვაქცინაციის ექსპერტების საბჭომ და გვერდითი მოვლენების მართვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელების შესახებ, რაც ასევე ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას, რომელიც კვლავაც უჭერს მხარს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას გამომდინარე იქიდან, რომ „ასტრაზენეკას“ ფონზე გვერდითი მოვლენები მართალია არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვნად მცირეა მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით. ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება.

ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ექსპერტების რეკომენდაციით , ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ერთობლივად მიიღეს გადაყწვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ისევე როგორც ეს იყო „ფაიზერის“ ვაქცინისთვის მომზადებული, გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე.

გუშინ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაცია. ამის მიუხედავად, იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება“, – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც აცრისთვის ამბულატორიული დაწესებულება ჰქონდათ დაჯავშნილი, პრავალპროფილურ კლინიკებში გადანაწილდებიან. თამარ გაბუნიას განცხადებით, რეანიმაციული განყოფილება 40 კლინიკას აქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აცრიდან 30 წუთში ექთანს დაუყოვნებელი რეაქცია განუვითარდა, მას ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ანაფილაქსიური რეაქციების დროს პროტოკოლით არის გაწერილი, თუმცა რეაქცია არ მოიხსნა და საჭირო გადახდა მისი რეანიმაციაში მოთავსება. რამდენიმე საათში პაციენტი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

გუშინვე ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკათი“ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]