weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მეგი საქართველოს მედიცინის ისტორიაში დარჩება – გამყრელიძე ახალციხელ ექთანზე

18:14 პარასკევი, 19 მარტი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ღრმა მწუხარება გამოთქვა ვაქცინაციის შემდეგ ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ ის ქართული მედიცინის ისტორიაში დარჩება.  

„ვაქცინაციის პროცესში ამ ტიპის გართულება და მისი დაფიქსირება არის ძალიან მძიმე და ალბათ ჩვენი კოლეგა, მეგი საქართველოს მედიცინის ისტორიაში დარჩება.

მან აცრის შემდეგ ინტერვიუ მისცა და სამედიცინო საზოგადოებას აცრებისკენ მოუწოდა იმიტომ, რომ ღრმად სჯეროდა, იმუნიზაცია არის ის პროცესი, რომელმაც უნდა დაამთავროს ეს მძიმე პანდემია; რომელმაც ერთი წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 3600 ადამიანი შეიწირა, მსოფლიოში კი – 2.6 მილიონი“, – განცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ახალციხეში დაფიქსირებული შემთხვევა ძალიან მძიმე დაღია თითოეული ადამიანისთვის, რომელიც დღეს მედიცინაშია, განსაკუთრებით კი კოვიდთან ბრძოლის პროცესში მყოფთათვის.

„ეს შემთხვევა ემოციურად ძალიან მძიმეა, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს ცივი გონებით აწონით, იმ სარგებელთან, იმუნიზაციასთან, რომელმაც უნდა დაასრულოს კოვიდთან ბრძოლის პროცესი, ჯერჯერობით სხვა არაფერი არ გახლავთ და ვერც იქნება, თუ საზოგადოებაში პოპულაციური იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდა, რასაც მხოლოდ მასობრივი იმუნიზაცია ქმნის. დღეს კოვიდთან ბრძოლის დასრულება ვიდრე 60-70%-ანი ფენა არ ჩამოყალიბდება, ვერ იქნება.

გუშინ ძალიან რთული იყო საბჭოზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება, შეჩერებულიყო თუ გაგრძელებულიყო იმუნიზაცია. შეჩერება ყოველთვის ადვილია, მაგრამ შემდეგ რას ვეუბნებით ადამიანებს, როდესაც ყოველდღიური სიკვდილიანობა გვაქვს კოვიდის გამო. ხშირად ეს არის ჩვენი, სამედიცინო მუშაკების ხვედრი, შენ შეიძლება დაიღუპო, მაგრამ სხვას მისცე გადარჩენის საშუალება.

ეს ძალიან მძიმე ფაქტია, განსაკუთრებით ოჯახისთვის, ასევე იმ მხარისთვის, სადაც გოგონა მოღვაწეობდა, მაგრამ სხვა ალტერნატივა, რომ ქვეყანაში იმუნიზაცია არ გაგრძელდეს, არ არის. უნდა გაგრძელდეს და თქვენ უნდა გთხოვოთ, რომ ამ კამპანიაში კიდევ მეტად, ფართოდ ჩაერთოთ. რაც მეტი აიცრება ქვეყანაში, მეტად დაზღვეული იქნება საზოგადოება, რომ ახალი ფატალური შედეგები არ გვექნება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მეგი ბაქრაძე ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ მუშაობდა. როგორც გუშინ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ის 12:15 საათზე აიცრა, 30 წუთში კი დაუყოვნებელი რეაქცია განუვითარდა. გამყრელიძის თქმით, მას ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ანაფილაქსიური რეაქციების დროს პროტოკოლით არის გაწერილი, თუმცა რეაქცია არ მოიხსნა და საჭირო გახდა მისი რეანიმაციაში მოთავსება. რამდენიმე საათში პაციენტი თბილისში,პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ქალი დღეს, აცრიდან დაახლოებით 24 საათში გარდაიცვალა.

საქართველოში ვაქცინაცია შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინით მიმდინარეობს. 43 200 დოზა ვაქცინა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან. ევროპის წამლების სააგენტომ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ასტრაზენეკა“ უსაფრთხო ვაქცინაა.

 

ამ თემაზე:

აცრის შემდეგ მწვავე ალერგიული რეაქცია კიდევ დაფიქსირდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]