weather cur horoscope tv
აპრილი 22, 2021

მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი წაუყენეს

21:21 ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021 hits 2907

27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვიოლეტა ინასარიძეს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების მუხლით წარუდგინა.  

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ექიმი ვიოლეტა ინასარიძე არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან - მეგი ბაქრაძესთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. ვიოლეტა ინასარიძე მედიასთან ინტერვიუს დროს ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძე აცრიდან 20-25 წუთში შეუძლოდ გახდა და მას ადრენალინი „წამებში გაუკეთა“.

„ვიოლეტა ინასარიძის ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები.

აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვიოლეტა ინასარიძეს მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძეს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვიოლეტა ინასარიძე დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა“, – აცხადებს პროკურატურა.

ბ.ლ-ს, თ.გ-ს და ვ.ი-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

პროკურატურას ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.

18 მარტს, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ მეგი ბაქრაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას თავდაპირველად გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. მეგი ბაქრაძის საქმეს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო. ჯერჯერობით ცნობილი არ არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ექთნის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ანაფილაქსიური შოკი განიხილება.

 

ამ თემაზე:

ახალციხელი ექიმები უარყოფენ, რომ 27 წლის ექთანს დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]