weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე გაათავისუფლეს

22:25 ორშაბათი, 12 აპრილი 2021

სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. არხის ცნობით, ჯინჭარაძის გათავისუფლების მიზეზი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ასახული დარღვევებია.

ირაკლი ჯინჭარაძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ დღეს, მთელი დღის განმავლობაში სამსახურში იყო, გათავისუფლების შესახებ კი ცოტა ხნის წინ, აჭარის ტელევიზიიდან შეიტყო.

„გათავისუფლების ბრძანება ჯერ არ ჩამბარებია. მას შემდეგ, რაც გათავისუფლების შესახებ ტელევიზიით გავიგე, ინფორმაცია დამიდასტურა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელმა, სიტყვიერად. მე ვადასტურებ, რომ ეს არის საკრებულოს სხდომაზე ჩემი გამოსვლის შედეგი.

აუდიტის დასკვნაზე, რომელზეც საუბარია, „ბათუმის ბულვარს“ სასამართლოში აქვს საქმე შეტანილი. ორი წლის მანძილზე თუ არავის არაფერი ზედმეტი არ უთქვამს, ახლა რატომ გახდა ეს გათავისუფლების საფუძველი? არ ვიცი, შეიძლება დამაკავონ კიდევაც“, – უთხრა „რეგინფოს“ ირაკლი ჯინჭარაძემ.

საკრებულოს სხდომა, რომელიც ირაკლი ჯინჭარაძემ „რეგინფოსთან“ ინტერვიუს დროს ახსენა, 30 მარტს გაიმართა. სხდომაზე სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“, თავისი შენობის პირდაპირ, პლაჟზე, 3380 კვ.მ მეტრს, არანაკლებ 15 წლიანი იჯარით გადაცემას ითხოვდა. პლაჟის კერძო მესაკუთრისთვის გადაცემა ჯინჭარაძემაც გააპროტესტა. როგორც მან გამოსვლის დროს თქვა, ბათუმს ძალიან პატარა სანაპირო აქვს და ის ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

პროტესტის შედეგად, საკრებულომ პლაჟის გასხვისების საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო. იმავე დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარში ახალ მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, მან ეკონომიკის მინისტრს დაავალა, რომ „კანონით დადგენილ ვადებში, უსწრაფესად“ მოეხდინა ბათუმის ბულვარის ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის სამართავად გადაცემა.

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ ჯერ კიდევ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შედის. ირაკლი ჯინჭარაძემ მას 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე, 2017-2018 წლებში, ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]