weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ – თურნავა რიონის მცველებზე

17:52 სამშაბათი, 13 აპრილი 2021

ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკის მინისტრ ნათელა თურნავასთან დიალოგის სივრცე არ დარჩა, მინისტრი გამოეხმაურა.

როგორც თურნავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, მთავრობას არასდროს შეუწყვეტია დიალოგი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს.

მაგალითად, პირველი წუხილი, რაც იყო დაკავშირებული ეკოლოგიასთან და უსაფრთხოებასთან, პრაქტიკულად ვაიძულეთ კომპანია, რომ კაშხლის მშენებლობა 12 თვით გადაედო.

მთელი თავისი კვლევები გადმოგვცა და ამ დღეებში ვხვდებით არასამთავრობო სექტორს, მათ შორის იმ ექსპერტებს, ვინც ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით არიან აღჭურვილი და გადავცემთ მათ ამ კვლევებს. მაისის ბოლოს ველოდებით, რომ ისინი გაუმჯობესებული წინადადებებით მოგვიბრუნდებიან და კომპანია ამას აუცილებლად გაითვალისწინებს. მზად ვართ, ვისაუბროთ ხელშეკრულების ნებისმიერ ასპექტზე. სხვათა შორის, არაერთი განმარტება გავაკეთეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ პოზიციებთან დაკავშირებით.

აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო აქტივისების პოზიციას: ისინი თვლიან, რომ საუბრის სივრცე აღარ არსებობს, აყენებენ პირობებს, მე როგორც ვხვდები, მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის მქონე ადამიანებთან საუბარი არ უნდათ და ბოლოს პრემიერ-მინისტრი ახსენეს“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათელა თურნავამ ქუთაისის მერიაში 14 მარტს გამართული შეხვედრაც გაიხსენა, რომელიც მან და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილომა დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთში დატოვეს.

ჩვენ მართლაც გვქონდა მოლოდინი და შეთანხმება, რომ საქმიანი დიალოგი იქნებოდა. საქმიანი დიალოგი არ ნიშნავს მაინც და მაინც მთავრობის წევრების მონაწილეობას და მათგან პასუხების მოსმენას. მაგალითად, გეოლოგიის საკითხებზე უნდა ისაუბროს ბატონმა მერაბ გაფრინდაშვილმა, რომელიც საქართველოს მთავარი გეოლოგია და არა ნათია თურნავამ, რომელიც არ არის გეოლოგი. როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ფორმატი გაგებული იყო, როგორც სამუშაო, საქმიანი შეხვედრა, ხოლო, როგორც ჩანს, მეორე მხრიდან სხვა მოლოდინი იყო.

თუ აქტივისტებს მართლაც გულწრფელად სურთ მიიღონ ამომწურავი პასუხები მინისტრებისგან, ჩვენი სპეციალისტებისგან, ვინც უფრო მეტად კომპეტენტურები არიან, მოვუწოდებ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი კარი მათთვის ღიაა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ნამახვანჰესის აშენებას 170 დღეა უწყვეტი პროტესტის რეჟიმში ეწინააღმდეგება. მათ პროტესტს მთავრობა მხოლოდ 28 თებერვალს, ქუთაისში გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციის შემდეგ გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გაცემა და მათთან შეხვედრა დაავალა. 12 მარტს აქტივისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა თურნავამ 9 წუთში დატოვა – ის ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების საბაბით დარბაზიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მინისტრმა შეურაცხყოფა მიაყენა შეხვედრის მონაწილეებს, შეთანხმება დაარღვია და დარბაზი იმიტომ დატოვა, რომ კრიტიკულ შეკითხვებს პასუხს ვერ გასცემდა. 14 მარტს, ქუთაისში გამართული მეორე ხალხმრავალი აქციის მონაწილეებმა მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან თურნავას გადადგომაც დაამატეს.

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ საკითხის განხილვაში ის ადამიანი უნდა ჩაერთოს, ვინც ხელისუფლებაში გადაწყვეტილებებს იღებს, მათ შორის ინვესტორისთვის მიწების გადაცემის თაობაზე და ასეთი ნათელა თურნავას შემდეგ პრემიერ-მინისტრია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]