weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ვიდრე არ გვექნება ნამოხვანში დაბრუნების უფლება, კედლის აღება არაფერს ცვლის – აქტივისტები

11:44 შაბათი, 17 აპრილი 2021

სამართალდამცველებმა სოფელ გუმათში აღმართული რკინის კედლის ნაწილი აიღეს, თუმცა იქ კვლავ რჩება პოლიციის ბლოკპოსტი და ჯებირები. სოფელ ნამოხვანისკენ კვლავ არ უშვებენ მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის წევრებს და მათ მხარდამჭერებს.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მირზა ნოზაძე კედლის აღებას გაურკვეველი ქმედებად აფასებს და ამბობს, რომ ვიდრე გადაადგილება შეზღუდული აქვთ, მათი მოთხოვნა შესრულებულად ვერ ჩაითვლება.

„ჩვენი მოთხოვნა თავისუფლად გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნაა. ჩვენ აქ ვნახეთ რაღაც გაურკვეველი ქმედება და ვიტყოდი, რომ რადგან ჩვენ არ დაგვკავშირებია არც ხელისუფლებიდან და არც პოლიციიდან არავინ და არ უთქვამთ ამ ქმედების კავშირი ჩვენს მოთხოვნებთან, შეფასებებიც ნაადრევია. არამგონია, ეს უკავშირდებოდეს ჩვენ მოთხოვნის შესრულებას.

ხელისუფლებამ გაიაზროს პროტესტის შინაარსი. თუ ის ასეთი ქმედებებით აპირებს, საკითხის ყურადღების გადატანას სხვა ვექტორზე, რა თქმა უნდა, ის ამას ვერ შეძლებს“, – ამბობს მირზა ნოზაძე.

„ჩვენ ვითხოვთ გადაადგილების უფლებას და ნამოხვანში ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნებას. შესაბამისად, ვიდრე არ მოგვეცემა გადაადგილების უფლება, ნახევრად აღებული კედელი ჩვენთვის არსებიდან არაფერს არ ცვლის“, – თქვა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა.

სოფელ გუმათში მოწყობილ საპოლიციო ბლოკპოსტთან რკინის კედელი 14 აპრილს პოლიციელებმა აღმართეს და ამ ფორმით გზა ჩაუკეტეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს, რომელთაც 3 აპრილიდან ისედაც არ უშვებდნენ რიონის ხეობაში.

რკინის კედლის და ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა – ეს ერთ-ერთია იმ სამი მოთხოვნიდან, რომელიც რიონის ხეობის მცველებმა 15 აპრილს, ქუთაისში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დააყენეს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება თუ დაკმაყოფილდება მათი სამივე მოთხოვნა, ესენია: ხეობიდან პოლიციის გამოყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]