weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

მთის კურორტების კომპანიის დირექტორმა 109 021 ლარის ხელფასი უსაფუძვლოდ მიიღო – აუდიტი

17:42 პარასკევი, 30 აპრილი 2021 hits 302
ფოტოზე - ალექსანდრე ონოფრიშვილი ფოტოზე - ალექსანდრე ონოფრიშვილი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ 2016-2018 წლებში კომპანიის მაშინდელმა დირექტორმა, საკუთარი ბრძანების საფუძველზე, ხელფასი 2900 ლარიდან 5700 ლარამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ჯამში 109 021 ლარი უსაფუძვლოდ მიიღო. ამ პერიოდში კომპანიის დირექტორი ალექსანდრე (სანდრო) ონოფრიშვილი იყო, რომელიც 2018 წლის ნოემბერში თანამდებობა დატოვა და ეკონომიკის მინისტრის მრჩევლი გახდა.

„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ დააფუძნა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომპანიის დირექტორის შრომის ანაზღაურება 2900 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.

კომპანიის დირექტორმა ბრძანებით, საკუთარი შრომის ანაზღაურება გაზარდა 7500 ლარამდე. აღნიშნული ოდენობა ძალაში იყო სააგენტოს მიერ ახალი დირექტორის დანიშვნამდე, რომლის შრომის ანაზღაურებად ისევ 2900 ლარი განისაზღვრა.

დირექტორის ბრძანება შრომის ანაზღაურების 7500 ლარამდე გაზრდის თაობაზე, გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რამდენადაც ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მიეკუთვნებოდა სააგენტოს კომპეტენციას. კომპანიის განმარტებით, სააგენტოს რეგულარულად ეგზავნება საშტატო განრიგი და აქედან გამომდინარე სააგენტო ინფორმირებული იყო დირექტორის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით.

არაუფლებამოსილი პირის მიერ შრომის ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებული ბრძანების გამოცემით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რის შედეგადაც 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე კომპანიის ყოფილი დირექტორის ანაზღაურება უსაფუძვლოდ გაიზარდა ჯამში − 109 021 ლარის ოდენობით, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების საქმიანობას ეხება და მასში არაერთ დაღვევაზეა საუბარი.

დაკსვნის მიხედვით, 2018 წლის ბოლოს კომპანიაში დასაქმებული იყო 440 თანამშრომელი, 2019 წლის ბოლოს − 601. კომპანიის მიერ 2018-2019 წლებში შრომის ანაზღაურებაზე 16 331 387 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 2 344 103 ლარი პრემიებია და 263 887 ლარი დანამატები. 

„კომპანიაში პრემიები გაცემულია მოქმედი პრემირების წესისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევით. კერძოდ, არ არის წარმოდგენილი პრემირების სათანადო დასაბუთებები. ამასთანავე, კომპანიის დირექტორების პრემირების ბრძანებები გამოცემულია არაუფლებამოსილი პირების მიერ, სააგენტოს გადაწყვეტილების გარეშე. შედეგად, პრემიები გაცემულია გაუმჭვირვალედ და დაუსაბუთებლად.

2018-2019 წლებში პრემირებასთან დაკავშირებული ბრძანებები ძირითადად მომზადებულია მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო და წარმატებული შესრულებისთვის. სხვა სახის კონკრეტული დასაბუთება კომპანიამ ვერ წარმოადგინა, ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული მოხსენებითი ბარათებიც კი არ არის წარმოდგენილი. კერძოდ, შერჩეული 24 ბრძანებიდან, კომპანიამ მხოლოდ 16 შემთხვევაში წარმოადგინა მოხსენებითი ბარათი, თუმცა სათანადო დასაბუთების გარეშე. აქედან რამდენიმე შემთხვევაში, დოკუმენტური დადასტურების გარეშეა მითითებული ზეგანაკვეთური სამუშაოები.

2018-2019 წლებში პრემიები გაცემულია ასევე კომპანიის დირექტორებზე, სააგენტოს გადაწყვეტილების გარეშე, კომპანიის დირექტორის და დირექტორის მოადგილის ბრძანებები საფუძველზე, 7-ჯერ, ჯამში − 43 875 ლარი“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

რაც შეეხება გაცემულ დანამატებს, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ დანამატებიც არ გაიცემა სათანადო დასაბუთების საფუძველზე. კომპანიის შინაგანაწესის მიხედვით, დასაქმებულზე სახელფასო დანამატი უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე კომპანიის დირექტორის ბრძანებით უნდა გაიცეს.

2018-2019 წლებში დანამატები კომპანიის დირექტორის ბრძანებების საფუძველზე გაცემულია რამდენიმე დანიშნულებით: ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, სხვა თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შესრულება, თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა, სამუშაოს წარმატებული და დროული შესრულება.

„ზოგიერთ შემთხვევაში ბრძანებები მომზადებულია დაუსაბუთებლად, შესაბამისი მოხსენებითი ბარათების გარეშე, ზოგჯერ კი ბრძანებების შესაბამის მოხსენებით ბარათებში მითითებული არ არის ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების რაოდენობა. კომპანიის განმარტებით, ზეგანაკვეთური ნამუშევარი საათების დამადასტურებელი დოკუმენტის აღრიცხვას აწარმოებენ კონკრეტული სტრუქტურის ხელმძღვანელები, მაგრამ ამას არ აქვს ოფიციალური დოკუმენტის სახე, ასევე კომპანიას შინაგანაწესის გარდა არ გააჩნია დანამატების გაცემის მომწესრიგებელი შიდა დოკუმენტი. აღნიშნული გარემოებებისა და 2018-2019 წლებში კომპანიაში სამუშაო დროის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის არარსებობის გამო, ვერ დავრწმუნდით კომპანიის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის გაცემული დანამატების სათანადო საფუძვლების არსებობაში, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ზამთრის კურორტების (გუდაური, ბაკურიანი (კოხტა, მიტარბი, დიდველი), გოდერძი, ჰაწვალი და თეთნულდი) მართვაზეა პასუხისმგებელი. 2018 წლის მარტში, როდესაც კომპანიას ალექსანდრე ონოფრიშვილი ხელმძღვანელობდა, გუდურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინციდენტთან დაკავშირებით, სამი წლის შემდეგ, 2021 წლის 23 აპრილს, ბრალი „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორ თანამშრომელს წარუდგინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]