weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, ძალადობის კადრები ჩვენ ვერ ვნახეთ – დეკანოზი ჯაღმაიძე

17:45 ოთხშაბათი, 05 მაისი 2021

ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ძალადობის კადრები ჩვენ ვერ ვნახეთ, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

„გუშინდელი ინციდენტი საერთო ფონზე შემდეგნაირად იკითხება: ეს არის წინასწარ გამიზნული პროვოკაცია, რადგანაც დავით გარეჯში განსაკუთღებულად აღიქვამენ პრობლემას. როდესაც „მთავარი არხი“ გარეჯის ბერებს „გრუს“ აგენტებად აცხადებს და ივერი მელაშვილს ეროვნულ გმირად, ეს განსაკუთრებულად ძაბავს იქ სიტუაციას.

გუშინდელ დღეს, როცა იყო ხსენება გარეჯელი მამებისა (იმ კელიებში, სადაც გარეჯელი მამები მსახურობდნენ, ვერ გადადიან ჩვენი სასულიერო პირები), დაიგეგმა ივერი მელაშვილის გარეჯთან ჩასვლა.

ვფიქრობ, რომ არ შეიძლება მათ არ ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ, როდესაც მსჯავრდებულია ქვეყნის მიწების გასხვისების მცდელობაში ეს ადამიანი, უნდა მოერიდოს ამ დაძაბულობას და ამიტომ ეს აღიქმება პროვოკაციად იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანში ერთ-ერთი მნიშნველოვანი შეხვედრა იგეგმება. დღეს ჩვენი პრემიერი ბაქოშია და ხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს და მათ შორის, დიდი იმედი გვაქვს გარეჯის საკითხზეც იქნება საუბარი. ყველაფერი ამის გათავლისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია.

იმ კონტექსტში, მთლიანობაში, იკითხება გუშინდელი ინციდენტი, როგორც პროვოკაცია. ძალადობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ძალადობას ვემიჯნებით და ეს არ არის სასულიერო პირის საქმე. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციების დროს, როგორც არ უნდა გამომწვევი იყოს ეს, რომ როგორმე სასულიერო პირები არ ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში. მამები, ალბათ, ამას თავადვე გააცნობიერებენ და შეინანიებენ, – განაცხადა დეკანოზმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – იდენტიფიცირებული არიან თუ არა ეს სასულირო პირები, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ისინი მონასტერში ცხოვრობენ.

დეკანოზის თქმით, გუშინდელი დაპირისპირება არ არის მხოლოდ გუშინდელი დაპირისპირება.

„სიტუაცია ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრების საზღვრის იქით მოხვედრის გამო – დავაზუსტებ, რომ ეს საზღვარი ჯერ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, თუმცა იმ სამუშაოების ფარგლებში, რაც უნდა ჩაეტარებინა კომისიას, მიკუთვნებულია არის ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის – სიტუაცია არის დაძაბული.

გუშინდელი დაპირისპირება არ არის გუშინდელი დაპირისპირება მხოლოდ, ეს არის პრინციპული წინააღმდეგობა შეხედულებებში, რასაც ვხედავთ ზოგიერთი სატელევიზიო საშუალების მიერ გაჩაღებულ საინფორმაციო კამპანიასა და ეკლესიის დამოკიდებულებას შორის დავით გარეჯის პრობლემასთან. განსაკუთრებით მწვავედ ამ აზრთა სხვადასხვაობას, რა თქმა უნდა, აღიქვამენ თავად ის ბერები, რომლებიც იქ საზღვრის სადარაჯოზე დგანან“, – განაცხადა დეკანოზმა.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი გუშინ, 4 მაისს დავით გარეჯის მამათა მონასტერთან გადაღებაზე იმყოფებოდნენ, როდესაც თავს დაესხნენ. ჟურნალისტ ნინუცა კეკელიამ ინციდენტის შემდეგ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, რომ სასულიერო პირებმა ივერი მელაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მას და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვიდეოკამერა კი დააზიანეს. ჟურნალისტის თქმით, სასულიერო პირები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. დაპირისპირება მონასტრის ტერიტორიის დატოვების შემდეგაც გაგრძელდა – საგარეჯოსკენ მიმავალ გადამღები ჯგუფის ავტომობილს გზა სოფელ უდაბნოში მოქალაქეებმა გადაუკეტეს. ისინი ივერი მელაშვილს ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გარეჯის ტერიტორიაზე მეორედ აღარ მისულიყო.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ჟურნალისტები ითხოვენ, გამოძიება მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლითაც წარიმართოს.

 მომხდარზე კომენტარი „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს. გიორგი ვოლსკის შეფასებით, დავით გარეჯში ივერი მელაშვილის ჩასვლა „სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია“ იყო, რაც „სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ“. დეპუტატმა და კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა კი თქვა, რომ დავით გარეჯში მელაშვილს „ბუნებრივია, გულმხურვალე და გულთბილ შეხვედრას არ მოუწყობდნენ“.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვა სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად, ისინი არ არიან დამნაშავედ ცნობილნი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]