weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„ენკამ“ ნამახვანჰესის პროექტის შესახებ საინფორმაციო კამპანიის დაწყება დააანონსა

15:21 ოთხშაბათი, 12 მაისი 2021
ფოტოზე - მერაბ ლომინაძე ფოტოზე - მერაბ ლომინაძე

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის ხელმძღვანელობამ პროექტის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანიის დაწყება დააანონსა. მათი განცხადებით, პროექტის შესახებ ძალიან ბევრი მითი გავრცელდა.

ნამახვანჰესის პროექტის დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო კამპანიაში საზოგადოების ყველა ჯგუფი ჩაერთოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ისიც, რომ ის ადამიენები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ამ პროექტს, ჩაერთონ დისკუსიებში, საგნობრივ განხილვებში მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად და შევაფასოთ, რეალურად, ამ პროექტის ღირებულება ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის.

მე მინდა მჯეროდეს, რომ ის პროტესტი, რომელიც ქვეყანაშია, არის გულწრფელი. ვფიქრობ, რომ ამ პროტესტს ხელი შეუწყო იმან, რომ ინფორმაციის ნაკლებობა იყო ამ პროექტთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ, ჩვენმა კომპანიამ გადავწყვიტეთ დავიწყოთ აქტიური საინფორმაციო კამპანია და თუნდაც დაგვიანებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჯეროვნად და სრულად“, – განაცხადა ლომინაძემ.

„ენკა რინიუებლზის“ მთავრობასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ელენე ღუბიანურის თქმით, „კომპანიას არცერთხელ არ დაუშვია შეეწყვიტა პროექტი, ვინდაიდან ძალიან მყარადაა დარწმუნებული ყველა იმ დოკუმენტში, რომელიც ზურგს უმაგრებს პროექტის განხორციელებას“.

„ჩნდება ეჭვები, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც შესაძლოა ჰესების განვითარების საწინააღმდეგო კამპანიას ეწეოდნენ, ვინაიდან ეს მხოლოდ ნამახვანჰესს არ ეხება. ნებისმიერი მცირე ჰესიც კი ძალიან დიდ პრობლემას აწყდება“, – აღნიშნა ღუბიანურმა.

რიონის ხეობის მცხოვრებთა ნაწილი ექვს თვეზე მეტია, უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას. გასული წლის ოქტომბერში რამდენიმე ადამიანის მიერ დაწყებული პროტესტის მასშტაბები ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა. პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციები რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულეს, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალეს, იქიდან აყარეს და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებენ.

ამასთან, თებერვალსა და მარტში, ქუთაისის ცენტრში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობას სამი პირობა წაუყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, თანხმა იყვნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. 24 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი – ნამახვანჰესის მოწინაღმდეგეებს მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ, რის გამოც მათ 23 მაისს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარება დააანოსნეს.

მთავრობა აცხადებს, რომ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულია მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. პარალელურად, მთავრობამ არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩართვის მიზნით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილე მოიწვია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა „ენკა რინიუებლზთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

საქართველოს მთავრობამ კომპანიას რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]