weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

ომბუდსმენი არის იდეოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც იცავს შერჩევით – მეუფე სტეფანე

10:30 ხუთშაბათი, 13 მაისი 2021 hits 132

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) კომენტარი გააკეთა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების შესვლისთვის ხელის შეშლაზე. მისი თქმით, გარკვეულწილად ეთანხმება სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონს, რომ „ომბუდსმენის ბავშვებთან შეშვება არ შეიძლება“.

„არის რაღაცები, რაც იდეოლოგიური საკითხებია. კომუნისტებთან მიმართებაში მიუღებლად მიმაჩნდა იდეოლოგიური წნეხი სკოლაზე და ნებისმიერ დაწესებულებაზე. ასეთივე წნეხი ხორციელდება პირადად ამ ომბუდსმენის მიერაც“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, ბავშვთა პანსიონში ომბუდსმენის მიერ მონიტორინგის განხორციელება აუცილებლობას არ წარმოადგენს.

„ომბუდსმენის მონიტორინგი არ არის აუცილებლობა, რომ მისი შეშვება მოხდეს. სახელმწიფო ორგანოები არსებობენ, რომელთა შეშვებაც ხდება და ჩვეულებრივ მონიტორინგიც და ყველაფერი, მაგრამ, ომბუდსმენი, თვითონ პიროვნება და როგორც, ზოგადად, რასაც ახლა ის ახორციელებს, არის პოლიტიკური, იდეოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც იცავს შერჩევით, არა ყველა ადამიანის უფლებას, არამედ შერჩევით იცავს სხვადასხვა ადამიანების უფლებებს ისე, როგორც თავად აწყობს.

რაც მოხდა ჩვენს ეპარქიაზე თავდასხმა, ეს რომ ყოფილიყო მუსლიმებზე ან ვთქვათ, რომელიმე სხვა ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციაზე, აუცილებლად იქნებოდა ერთი ამბავი და აჭრელებული ყველაფერი და ამ შემთხვევაში, ჩვენზე თავდასხმა არაფერი არ არის. ომბუდსმენისთვის ჩვენ საერთოდ ვარსებობთ თუ არ ვარსებობთ, არაფერი... ჩვენს წინააღმდეგ თუ რამე უნდა რომ გამოიყენოს... ეს პროვოკატორი ჩვეულებრივად...

იდეოლოგიური შემოტევის წინააღმდეგ კარები დაკეტილია, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის დაკეტილი. სახელმწიფოს როცა სჭირდება შემოწმება, იქ ამოწმებს ყველაფერს. ომბუდსმენი არ არის ის დამოუკიდებელი არბიტრი. ის არის მიკერძოებული. როგორიც იყო კომუნისტური აქტივისტი, ისევე არის ლიბერალური აქტივისტი“ , – განაცხადა მიტროპოლიტმა.

შეკითხვაზე, შეუშვებს თუ არა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს მის ეპარქიაში, ცაგერში მდებარე გიმნაზიაში, მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ მოიფიქრებს: „ჩემი საკითხი სხვანაირად არის. მეუფემ ასე გადაწყვიტა. მე არ ვიცი, მოვიფიქრებ“.

15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, რომელთაც მონიტორინგის განხორციელება სურდათ, ნინოწმინდაში წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. სახალხო დამცველის განცხადებით, დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც იქ 2020 წლის ივნისის შემდეგ აღარ ყოფილა.

მეუფე სპირიდონი ადასტურებს, რომ პანსიონში სახალხაო დამცველის წარმომადგენელს მისი კურთხევით არ უშვებენ.

„ჩემი პირადი აზრია, რომ მაგ ხალხის შეშვება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას, აი ამიტომ. იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვებზე მე ვარ პასუხისმგებელი ღვთის წინაშე და ვთვლი, რომ იმ დაწესებულების შეშვება ბავშვთა სახლში და ბავშვებთან მიშვება არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის აბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს. იქ ორი ეკლესიაა და თითქმის ყოველდღიური წირვებია“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

სასულიერო პირმა ცილისწამება და უაზრო სისულელე უწოდა სახალხო დამცველის განცხადებას იმის შესახებ, რომ პანსიონში მყოფი არასწრულწლოვნები სოციუმიდან იზოლირებულები არიან. რაც შეეხება პანსიონში სოციალური მუშაკების არ შეშვებას, მეუფე სპირიდონის თქმით, ესეც ცილისწამებაა.

ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ბავშვის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა. კომიტეტმა საჩივარი დააკმაყოფილა და საქართველოს მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება, ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე.

მანამდე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დროებითი ღონისძიების გამოცემის მოთხოვნით თბილისის საქალაქოს სასამართლოში შეიტანა საჩივარი, თუმცა, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა ბავშვთა უფლებების დარღვევა და მონიტორინგის საჭიროება ვერ დაინახა. შესაბამისად, PHR-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციამ 28 აპრილს სააპელაციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ნინოწმინდის პანსიონატში სახალხო დამცველის მონიტორინგის განხორციელებაში ხელშეშლის აღმოფხვრა პანსიონის ადმინისტრაციისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]