weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

პოლიციამ მღვდელი და მრევლი გუმათის ბლოკპოსტით ოფურჩხეთისკენ არ გაატარა

12:33 პარასკევი, 14 მაისი 2021
კადრები მაკა სულაძის ვიდეოდან კადრები მაკა სულაძის ვიდეოდან

რიონის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებიც ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციამ გუმათის ბლოკპოსტის გადაკვეთის უფლება არ მისცა. მათ დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესია თამარობას აღნიშნავს, სოფელ ოფურჩხეთში მდებარე წმინდა მეფე თამარის სახელობის ეკლესიაში წირვაზე დასწრება სურდათ. მათთან ერთად მღვდელიც იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც გუმათის ბლოკპოსტის გავლით გზის გაგრძელება ვერ შეძლეს, მღვდელმა და მრევლმა მეორე გზით - სოფელ ზარათის გავლით გადაწყვიტეს ოფურჩხეთის ეკლესიამდე მისვლა. მათ ზარათშიც პოლიციელებმა გადაუკეტეს გზა.

„აქციის მონაწილეებს ვერ გაგატარებთ“, – უთხრა პოლიციელმა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ერთ-ერთ აქტივისტს, მაკა სულაძეს.

მღვდელი იძულებული გახდა, სოფელ ზარათიდან ოფურჩხეთში, ეკლესიაში წირვის ჩასატარებლად ფეხით წასულიყო.

ნამახვანჰესის მსენებელმა თურქულმა კომპანიამ, შპს „ენკა რინიუებლზმა“ რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანში სამუშაოები 3 აპრილს, სამართალდამცველების მობილიზების ფონზე განაახლა. იმავე დღეს პოლიციამ ბლოკპოსტი მოაწყო სოფელ გუმათში და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება შეუზღუდა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო „მოსალოდნელი საფრთხეებისა და სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებით“ ხსნიდა.

11 აპრილს პოლიციამ ნამოხვანში გაშლილი კარვებიც დაშალა, პროტესტის მონაწილეები კი სოფლიდან გამოაძევა. მომდევნო დღეს ინვესტორი კომპანიის ტექნიკამ კარვების ტერიტორია გადათხარა. 14 აპრილს პოლიციამ გუმათის ბლოკპოსტთან რკინის კედელიც აღმართა, რასაც პროტესტი მოჰყვა.

15 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი ჩავიდა და პროტესტის მონაწილეებს დიალოგი შესთავაზა. საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობას სამი პირობა წაუყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, თანხმა იყვნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. 24 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი – ნამახვანჰესის მოწინაღმდეგეებს მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ, რის გამოც მათ 23 მაისს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარება დააანოსნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]