weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2021

ნამახვანჰესის კონტრაქტის შესასწავლად იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო კომპანიას ეძებს

14:28 შაბათი, 29 მაისი 2021 hits 2323
ფოტოზე - რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები ფოტოზე - რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტის ხელშეკრულების შესწავლისა და იურიდიული დასკვნის მოსამზადებლად კვალიფიციურ საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას ეძებს. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 10 ივნისია, გამარჯვებულმა კომპანიამ კი დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა მოამზადოს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების ხელშეკრულების მიმოხილვა, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეფასება და იურიდიული დასკვნის მომზადება ევალება.

შესასრულებელი სამუშაოს აღწერისას იუსტიციის სამინისტრო მიუთითებს, რომ ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა, პროექტის განხორციელების პროცესში კი, მის არეალში მცხოვრებლებმა დაიწყეს პროტესტი სახელმწიფოს და კონტრაქტორი კომპანიის წინააღმდეგ. ადგილობრივების ბრალდებები ძირითადად ეხება გარემოსდაცვით და ფინანსურ მიზანშეწონილობას და ასევე, ხელშეკრულების სამართლებრივ ასპექტებს.

„საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა შეაჩეროს პროექტის განხორციელება 9-დან 12 თვემდე და დაავალა იუსტიციის სამინისტროს დაიქირაოს კვალიფიციური საერთაშორისო იურიდიული ფირმა, რომელსაც აქვს გამოცდილება ჰესებთან დაკავშირებულ პროექტებში (კონსულტანტი) ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასებისთვის და სამართლებრივი მოსაზრების მომზადებისთვის“, – წერს იუსტიციის სამინისტრო.

სამინისტრო აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტთან რაიმე სახის შემხებლობის შემთხვევაში, განმცხადებელი შერჩევის პროცესს ავტომატურად გაეთიშება.

იუსტიციის სამინისტრომ მთავრობასა და ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი ორი წლის წინ შეისწავლა, თუმცა უწყება საკუთარ დასკვნას ამ დრომდე არ ასაჯაროვებს. დოკუმენტი გამოცემა „მთის ამბებმა“ მოიპოვა და 25 მაისს გამოაქვეყნა. დასკვნა 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს და მთავრობას სწორედ იმ საკითხების შეცვლისკენ მოუწოდებს, რომლებიც ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკის მთავარი საფუძველია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), რომელიც სამინისტროსგან დასკვნის მოპოვებას უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობს და ამ მიზნით სასამართლოსაც კი მიმართა, აცხადებს, რომ „მთის ამბების“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში მოცემული კრიტიკული შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობამ არ გაითვალისწინა.

აღნიშნულ დასკვნას ხელს მიხეილ სარჯველაძე აწერს, რომელიც დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, 2019 წელს კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. როგორც ის განმარტავს, სამინისტროს შენიშვნები მხარეებს შორის მოლაპარაკების საგანია და მათი ნაწილი ხელშეკრულებაში აისახა. ამასთან ის ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს შენიშვნებს შორის არც ერთი იყო ისეთი, რომელიც „ხელშეკრულების დადების თაობაზე ეჭვს გამოთქვამს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]