weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

„რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“ – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

19:52 სამშაბათი, 01 ივნისი 2021
tabula.ge-ის ფოტო tabula.ge-ის ფოტო

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც რიგითმა მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს პასუხი კითხვაზე – რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა და მონიტორინგის განხორციელება.

ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას, როგორც ომბუდსმენის, ისე ბავშვების კონსტიტუციური უფლებები.

„ნებისმიერი ბავშვთა სახლი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ქვეშ არის და ყველა ბავშვის უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს.

ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რომ იქ ირღვევა ბავშვთა უფლებები და ზოგადად, დიდი ბავშვთა სახლები ავტომატურად ნიშნავს ბავშვთა უფლებების დარღვევას.

საქართველოს ხელისუფებამ ეს აღიარა და დახურა სახელმწიფო ბავშვთა სახლები, მაგრამ რელიგიურ დაწესებულებაში დატოვა ლიცენზირებული და არალიცენზირებული ბავშვთა სახლები. ბავშვები უნდა დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში ან ოჯახებში, მინდობით აღზრდაში გადანაწილდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი უფლებები არის უკიდურესად დარღვეული“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას თქმით, ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სახელმწიფოს, ისე საპატრიარქოს. სწორედ საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია აღნიშნული დაწესებულება.

„პასუხისმგებლოა ეკისრება სახელმწიფოს, რომელიც ვალდებულია, რომ უზრუნვეყოს კანონის აღსრულება. საუბარია ბავშვებზე და არავინ იცის, რა მდგომარეობაში არიან ისინი. თუ პანსიონს კეტავენ, ესე იგი, რაღაც აქვთ დასამალი.

პასუხისმგებლობა ეკისრება საპატრიარქოსაც, რომელმაც გადაწყვიტა, ისე გამოამწყვდიოს ბავშვები, რომ საერთოდ კანონს არ ემორჩილებოდეს და ჰქონდეს უფლება, დაარღვიოს ის, რაც კანონით არის დადგენილი და არავინ არ იცოდეს, იქ რა ხდებოდა.

ეს არც პარტიული საკითხია, არც პოლიტიკური. ეს არის მორალური საკითხი. როგორ შეიძლება გავრისკოთ ბავშვების ჯანმრთელობა გავცვალოთ ამ ძიძგილაობაში?! ლაპარაკია ომბუდსმენზე, ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც არ შეიძლება, რომ იქ არ შედიოდეს. ერთხელ კი არა, მუდმივად და რეგულარულად უნდა შედიოდეს, რომ ვიცოდეთ იქ რა ხდება“, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველთან“ ელენე ხოშტარიამ.

წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განსახორციელებლად სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითებით არ უშვებენ. მსგავსი შემთხვევა პირველად 15 აპრილს დაფიქსირდა. 7 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რითაც სახელმწიფოს დაავალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. ამის მიუხედავად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც ვერ შევიდნენ. ისინი ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაშიც მივიდნენ, სადაც პანსიონში მცხოვრები ბავშვები სწავლობენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ 19 მაისს სკოლაში არცერთი ბავშვი არ გამოცხადდა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ შეასრულოს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]