weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გუმათში პროტესტის მონაწილეს ირაკლი მუკბანიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

00:12 ხუთშაბათი, 03 ივნისი 2021

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტს, 29 წლის ირაკლი მუკბანიანს, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ნანა ჯოხაძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა. ადვოკატები ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, ალტერნატივად კი მოსამართლეს 10 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდება შესთავაზეს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა მაქსიმუმ ორ თვეში უნდა გაიმართოს.

ირაკლი მუკბანიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში პირველ ივნისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მუკბანიანის დაკავების დროს, საყულიას მცხოვრებლებმა პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

„ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციისთვის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას.

ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგნებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა. სიტუაციის ესკალაციის და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ირაკლი მუკბანიანის დაკავების შემდეგ მისმა ძმამ, ბესიკ მუკბანიანმა განაცხადა, სამართალდამცველებს ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა არ გაუკეთებიათ. ბესიკ მუკბანიანის თქმით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მის ძმასთან ერთად მყოფ პირებს პოლიციელებმა ფეხებში ესროლეს „მაკაროვის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივებმა ცარიელ ვაზნებთან ერთად რეზინის ტყვიები იპოვეს.

რაც შეეხება 29 მაისს სოფელ გუმათში მომხდარ ინციდენტს, ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ადასტურებს, რომ გუმათჰესთან აღმართულ რკინის ჯებირთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელს ნამდვილად მოხვდა ირაკლი მუკბანიანის ხელი, რასაც წინ პოლიციის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღოდა. გოლეთიანი პოლიციას პროვოკაციულ ქმედებებში სდებს ბრალს.

ირაკლი მუკბანიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით არის დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]