weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

საპატრიარქო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამოძიებაზე დეტალების გასაჯაროებას ითხოვს

19:00 ხუთშაბათი, 03 ივნისი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მათაც სახალხო დამცველისგან შეიტყვეს, რომ ბავშვთა პანსიონში მომხდარ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

„სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

გუშინ სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

„გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი). ამ დროისთვის არ ვფლობთ დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირებისა და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. საკითხის დაზუსტების მიზნით, უკვე მივმართეთ პასუხისმგებელ უწყებებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. სახალხო დამცველის წარმომადგენლებს იქ შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას სხლათელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის კურთხევით არ აძლევენ.

სახალხო დამცველი შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას პირველ რიგში სახელმწიფოს აკისრებს, რადგან ის არის ვალდებული ასეთ ინსტიტუციებში დამოუკიდებელი ორგანოს მიერ მონიტორინგის განხორციელება უზრუნველყოს. სახელმწიფოს ეს გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმაც დაავალა 7 მაისს გამოცემული დროებითი ღონისძიებით.

„ასეთი ორგანო ამ ქვეყანაში არის სახალხო დამცველი. შესაბამისად, ასეთ ინსტიტუციებში შესვლა-არ შესვლის საკითხი არ არის მათი მენეჯერების გადასაწყვეტი. მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ სავარაუდოდ, ამ დაწესებულების ხელმძღვანელობას რაღაც აქვს დასამალი, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი დაწესებულება სადაც ჩვენ არ გვიშვებენ.

სხვა მართლმადიდებლურ პანსიონებში გვიშვებენ. ეს არის ერთადერთი პანსიონი, სადაც ჯერ ბავშვებთან გასაუბრებაში შეგვიშალეს ხელი, შემდეგ კი კარი საერთოდ დაგვიკეტეს“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 15 აპრილს, მეორედ კი 19 მაისს არ შეუშვეს. სახალხო დამცველი აცხადებდა, რომ 2020 წლის ივნისის შემდეგ დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლეოდა, რაც სააგენტომაც დაადასტურა.

პრობლემის გასაჯაროების შემდეგ, სოციალურ მუშაკს მიეცა დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა, თუმცა, როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ეს ვერ ჩაითვლება გაეროს კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულებად და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას, რადგან სააგენტო არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამჟამად 53 ბავშვი ირიცხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]