weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

დღეს რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური? – სოზარ სუბარი ნინოწმინდის პანსიონზე

16:16 პარასკევი, 04 ივნისი 2021

ქართული ოცნებისდეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, სახალხო დამცველს აუცილებლად უნდა მიეცეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლის შესაძლებლობა.

„სახალხო დამცველს უფლება აქვს და აუცილებლად უნდა იყოს შეშვებული. ცოტა გაოგნებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ თურმე, 2018 წლიდან სახალხო დამცველი არ შესულა. დღეს რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური? როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მას მაშინვე უნდა აეტეხა განგაში და ეს არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეკითხვაზე, რატომ არ გააკეთა სახელმწიფომ უფრო მკაცრი რეაგირება, სუბარმა უპასუხა.

„ასეთ ინსტიტუციაში სახალხო დამცველი პოლიციით და ჯარით რომ შევიყვანოთ, არ მგონია, რომ თავად სახალხო დამცველისთვის კარგი იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შევა და ამაში დავეხმარებით“.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2 ივნისს, „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო სრულფასოვანი მონიტორინგი 2018 წელს განახორციელეს.

„მას შემდეგ ჩვენ იქ არ გვიშვებენ, არ შევსულვართ და მცდელობა გვქონდა უკვე წელს, რომ შევსულიყავით. ჩვენ ყოველწლიურად ყველა ინსტიტუციაში ვერ შევდივართ და აქედან გამომიდნარე, დაგეგმილი იყო წელს შესვლა.

შარშან პანდემიის გამო გარკვეული სირთულეები იყო და ჩვენც თავს ვიკავებდით გარკვეულ ინსტიტუციებში ვიზიტებისგან, თუმცა შარშანვე გვინდოდა ამის გაკეთება. ვიზიტი განხორციელდა წელს და შესაბამისად მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, როდესაც 2018 წელს მონიტორინგი ჩაატარეს და ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრებები დაიწყეს, საქმეში მეუფე სპირიდონი და პანსიონში მყოფი სხვა პირები ჩაერთნენ, რომლებმაც საკმაოდ უხეში ფორმით აიძულეს მისი წარმომადგენლები ინტერვიუ შეეწყვიტათ და პანსიონი დაეტოვებინათ. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით განცხადებები მაშინაც გააკეთეს. 

„ნამდვილად უმძიმესი პრობლემაა და ძალიან სამწუხაროა, რომ მხოლოდ დღეს გამახვილდა ასეთ საკითხებზე ყურადღება. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ თავიდანვე განგაშის ზარი ყოფილიყო შემოკრული. სახალხო დამცველს არ ჰყავს არც პოლიცია, არც ჯარი. ჩვენ ძალის გამოყენებით ვერსად შევალთ, თუმცა სამართლებრივი გზებით, ძალიან თანმიმდევრულად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სახალხო დამცველმა შეძლოს საკუთარი მანდატის განხორციელება, თუმცა არსებობს რაღაც შესაძლებლობები, რომლის იქითაც სახალხო დამცველი ვერაფერს გააკეთებს.

თუ სახელმწიფოს ნება არ იქნება, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა იფუნქციონეროს, სახალხო დამცველი ძალის გამოყენებით თავის მანდატს ვერცერთ ინსტიტუციაში ვერ განახორციელებს“, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. მას სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს, რომელიც პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებს. მიმდინარე წელს პირველად ასეთი შემთხვევა 15 აპრილს, მეორედ კი 19 მაისს დაფიქსირდა. მეუფე ამბობს, რომ პანსიონში მყოფი ბავშვების სული მას აბარია და მიიჩნევს, რომ ბავშვებთან სახალხო დამცველის მიშვება უმძიმესი დანაშაულია.

ამასთან, სახელმწიფო ამ დრომდე არ ასრულებს გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის მიერ 7 მაისს გამოცემულ დროებით ღონისძიებას, რომლითაც დაევალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.

 

ამ თემაზე:

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებს იძიებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]