weather cur horoscope tv
იანვარი 26, 2022

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, პანსიონის ყოფილ და მოქმედ აღსაზრდელებზე ზეწოლას ახდენენ

17:18 ოთხშაბათი, 09 ივნისი 2021 hits 418

ვიღებთ შეტყობინებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რომ მათ არ მისცენ ჩვენებები სამართალდამცავ ორგანოებს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა ნინოწმინდის პანსიონში მათი ცხოვრების დროს, ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა პანსიონის ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც ახლა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ხიჭაურის უნივერსიტეტში სწავლობს და ზეწოლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ნინო ლომჯარიას თქმით, აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში ძირითადად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები ირიცხებიან და ის მათ საცხოვრებელსაც წარმოადგენს.

ამ პირმა, რომელიც სრულწლოვანია, განგვიცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, დიდი ზეწოლის მიუხედავად, გადაწყვიტა მიეცა ჩვენება ძალადობის ფაქტების შესახებ პოლიციისთვის და პოლიციიდან უკან დაბრუნებულს უნივერისტეტის წარმომადგენლებმა მოსთხოვეს, უნივერსიტეტის ტერიტორიის დატოვება იმის გამო, რომ ძალადობის ფაქტების შესახებ პოლიციას ინფორმაცია მიაწოდა.

ის წუხელ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ შეიფარა და დღესდღეისობით არის ღია ცის ქვეშ. სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს იმისთვის, რომ სახელმწიფო უწყებებთან ერთად მისთვის თავშესაფარი მოიძებნოს, ვინაიდან ამ პირს არ აქვს სხვა საცხოვრებელი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას თქმით, ასეთი შემთხვევები შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს, ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა. სახალხო დამცველი მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც მოქმედ, ისე ყოფილ აღსაზრდელებს, შევუქმნათ იძულებისგან, ზეწოლისგან თავისუფალი გარემო“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

რა თქვეს ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებმა სახალხო დამცველთან – ლომჯარიას განცხადება

წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. იქ მყოფ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 15 აპრილს, პანსიონის მმართველის, მეუფე სპირიდონის მითითებით, დაწესებულებაში არ შეუშვა სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომელთაც მონიტორინგის ჩატარება სურდათ. პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე სპირიდონმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას პანსიონში გარყვნილება შეაქვს და მას ბავშვების დაზიანების უფლებას არ მისცემს.

მალევე, „პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის“ ჯერ თბილისის სასამართლოს, შემდეგ კი გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტს მიმართა მოთხოვნით, დაევალებინათ სახელმწიფო უწყებები, რომ სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგი განეხორციელებინა. საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, გაეროს კომიტეტმა კი დროებითი ღონისძიება მიიღო და საქართველოს მთავრობას პანსიონში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. სახელმწიფომ გაეროს კომიტეტის მოთხოვნა არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.

2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული. ამის შემდეგ, მედიამ გაავრცელა პანსიონის აღსაზრდელების ინტერვიუები, სადაც ბავშვები არადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაზე საუბრობენ.

3 ივნისს, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების განცხადებები მათზე შესაძლო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ შემთხვევებს იძიებენ.

5 ივნისს, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელი და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით დროებითი განჩინება მიიღო. განჩინებით ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყონ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაყვანა. რაც შეეხება სხვა ბავშვებს, მოსამართლემ მიუთითა, რომ მათთან მიმართებაში PHR-ს არ გააჩნია უფლებამოსილება, წარადგინოს შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე. მოსარჩელე მხარე, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, მიიჩნევს, რომ განჩინება პანსიონში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან მოსამართლემ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში ზოგადად არსებული მდგომარეობა.

საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 

ამ თემაზე:

ნემსი გამიკეთეს და 3 დღე მეძინა – რას ჰყვება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბინადარი

არ გვაძინებდნენ. როცა ჩაგვეძინებოდა, დაჩოქილებს ხელს გვირტყამდნენ – ბავშვები პანსიონიდან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]