weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებისთვის მთავრობის მიერ გამოყოფილი ადგილები მისაღები არ არის

11:33 ორშაბათი, 21 ივნისი 2021 hits 477

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ლიდერებმა კარვის გასაშლელად მთავრობის მიერ გამოყოფილი ადგილები პოლიციის თანხლებით დაათვალიერეს, თუმცა მათთვის მისაღები არცერთი არ აღმოჩნდა. როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ზოგ ადგილზე კარვის გაშლა შეუძლებელი ან სახიფათოა, ზოგან კი სატელეფონო კავშირი არ არსებობს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში, პროტესტის თავდაპირველ ადგილზე დაბრუნება სურთ, სადაც მათი კარვები პოლიციამ 11 აპრილს დაარბია, ჰესის მშენებელმა კომპანიამ კი ტერიტორია გადახნა.

„ნამოხვანში პროტესტის ძირითად ადგილზე უნდა გადმოგვენაცვლა, მაგრამ კომპანიამ თქვა, რომ ლალი ეფრემიძის მიწა მისი საკუთრებაა და არ მოგვცემენ იქ შესვლის საშუალებას. ამიტომ ხელისუფლებამ ნამოხვანში ალტერნატიული მიწები შემოგვთავაზა. სხვა სოფლებში შემოთავაზებული ადგილები აღარ განვიხილეთ, რადგან დაშორებულია სამშენებლო მოედნებიდან და ჩვენი პროტესტის ძირითადი ადგილიდან. პირდაპირ მოვედით ნამოხვანში. გამოიკვეთა ასეთი სურათი: პრაქტიკულად არსად დადგომა არ შეიძლება, გამომდინარე იქიედან, რომ ფერდი ადგილებია, მთის კალთებია და კარავს ფიზიკურად ვერ გაშლი, ან არის რიონის პირას, სულ ქვევით, გზიდან მნიშვნელოვნად დაშორებული, ან არის ისეთი ადგილები, სადაც ტელეფონი არ იჭერს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი ადგილი ლალი ეფრემიძის ნაკვეთის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, თუმცა მის თავზე კომპანიის მიერ ახლად გაჭრილი გზა გადის და ამის გამო იქ კარვის გაშლა სახიფათოა. ამასთან, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ორი თვის წინ ამ ადგილზე კარვის გაშლაზე უარი ეთქვათ იმ საბაბით, რომ ისიც „ენკა რინიუებლზის“ საკუთრებაა.

„ეს ნაკვეთი მოქცეულია სამშენებლო მოედნებს შორის. ცოტა ხნის წინ იქ მუშა პროცესი მიმდინარეობდა. თავის დროზე, როცა ლალის მიწაზე კარვები აგვიყარეს და აქ გადმოსვლა გვსურდა, გვითხრეს, რომ ესეც კომპანიის საკუთრებაა. შემდეგ ეს ტერიტორიაც გადახნა კომპანიამ, რომ ვერ შემოვსულიყავით“, – ამბობს გოლეთიანი.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, 17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუმათჰესთან აღმართული რკინის ჯებირები აიღო, თუმცა შეთანხმების მეორე ნაწილი, რაც რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეების თავისუფლად გადაადგილების უზრუნვეყოფას ეხება, ჯერ კიდევ შეუსრულებელია. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, იმისთვის, რომ მათ ხეობაში შესვლა შეძლონ, საჭიროა მოიძებნოს ტერიტორია, სადაც კარავს განათავსებენ. 19 ივნისს მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერებს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე შეხვდა და მათ 13 ასეთი ადგილი შესთავაზა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]