weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პანსიონში დავინახე მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული – ლომჯარია

19:31 ორშაბათი, 28 ივნისი 2021

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ვიზიტი დაასრულა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დაინახა, რომ პანსიონის ხელმძღვანელობა მზად არის, სახალხო დამცველის აპარატთან ითანამშრომლოს და მათი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, დღეს იყო გაცნობითი შეხვედრა ბავშვებთან და მისი წარმომადგენლები ვიზიტებს გააგრძელებენ.

„როგორც მანამდე ვამბობდი, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გაუცხოებაც, ბავშვების მხრიდანაც გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები. ამიტომ დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო ის, რომ გავცნობოდით ბავშვებს, შევსულიყავით მათთან კონტაქტში. გავესაუბრეთ მათ. რა თქმა უნდა, ვიზიტები გაგრძელდება.

მე დღეს დავინახე სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული. ზოგადად, ჩვეთან თანაშრომლობასთან დაკავშირებით არსებობს სრული მზაობა, იქნება ეს ვიზიტები თუ რეკომენდაციები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია პანსიონში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგებაა. როგორც ნინო ლომჯარიამ თქვა, არ არსებობს ერთი, სრულყოფილი ბაზა ბავშვების შესახებ.

„გავაგრძელებთ დოკუმენტაციის შესწავლას. ერთი დღე ნამდვილად არ იქნება საკმარისი, რომ ყველაფერი ვნახოთ. პირველ რიგში, ბავშვების დოკუმენტაცია იქნება სანახავი, იმიტომ, რომ ერთი შეხედვით, არ არსებობს სრულყოფილი ბაზები ბავშვების შესახებ. რამდნიმე სიაა და მათი შედარება მოგვიწია. გარკვეული დასკვნების გაკეთებას არ ვიჩქარებ, მაგრამ ვნახეთ გარკვეული განსხვავებები ამ სიებში. ამ მიმართუყლებით მუშაობას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ბავშვთა პანსიონის დირექტორმა, მეუფე იაკობმაც დაადასტურა, რომ სახალხო დამცველის „აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას“ გაითვალისწინებენ. მისივე თქმით, სიტუაცია გამოსწორებულია და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც შეიძლება მალე აშენდეს მცირე ზომის საცხოვრისი.

„ერთ ბავშვს უნდა წასვლა, თბილისში უნდა გადასვლა. მოიძიებენ ადგილს და წაბრძანდება. მე ვთქვი, ვისაც აქ არ ენდომება, არ გავაჩერებთ. ძალადობა არ შეიძლება არც ბავშვზე და არც უფროსზე“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც სახალხო დამცველის თქმით, დახურვის რეჟიმშია, ამ დროისთვის 15 არასრულწლოვანი იმყოფება.

სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო სრულფასოვანი მონიტორინგი 2018 წელს ჩაატარა, რამაც ბავშვთა მიმართ ძალადობა და დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. მონიტორინგის განხორციელება წელს იყო დაგეგმილი, თუმცა 15 აპრილს, პანსიონის მაშინდელი ხელმძღვანელის, მეუფე სპირიდონის მითითებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დაწესებულებაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

7 მაისს გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლითაც საქართველოს დაევალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. სახელმწიფომ გაეროს კომიტეტის მოთხოვნა არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული. 3 ივნისს, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა პანსიონის მოქმედი და ყოფილი აღსაზრდელების ინტერვიუები, სადაც მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საუბრობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს. შსს-ში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ შემთხვევებს იძიებენ.

5 ივნისს, სასამართლომ დროებითი განჩინება მიიღო, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ გადაეყვანათ სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში. მოსარჩელე მხარე და სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ დროებითი განჩინება პანსიონში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან მოსამართლემ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში ზოგადად არსებული მდგომარეობა. საპატრიარქომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]