weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება

19:20 სამშაბათი, 29 ივნისი 2021

საპატრიარქოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, ევროკავშირის ელჩი და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების (UNICEF, World Vision) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, შეხვედრაზე შეაჯამეს პანსიონის დირექტორად მეუფე იაკობის დანიშვნის შემდგომი პერიოდი და ისაუბრეს სამომავლო ნაბიჯებზე – „რომ ბავშვები უპირველესად იქნენ დაბრუნებული ბიოლოგიურ ოჯახებში, ხოლო თუ ეს არ მოხერხდა, ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში, ბოლო არჩევანი იქნება – მცირე ზომის ბავშვთა სახლებში“.

„სწორედ მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში. ახალი ბავშვთა სახლების ფორმირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. ასე რომ, შემდგომში გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ბავშვთა სახლები, რომლებიც შემდეგში იქნება ნინოწმინდაში, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები“, – განაცხადა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.

შეკითხვაზე, როდის დაიხურება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი, მან თქვა, რომ დახურვასა და ვადებზე საუბარი არ ყოფილა.

„პირიქით, საუბარი იყო იმაზე, რომ არაფრით არ შეიძლება ამ პროცესების ხელოვნურად დაჩქარება, რომ ბუნებრივად უნდა მიმდინარეობდეს ეს, არავინ არავის არ დააძალებს სადმე წასვლას ან უკან დაბრუნებას. ითქვა ისიც, რომ ახალი ხელმძღვანელობა, მეუფე იაკობი ძალიან ეფექტურად შეუდგა საქმეს“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების გადაყვანა მათ ოჯახებში, მცირე ზომის ბავშვთა სახლებში და ამას უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ნინოწმინდის პანსიონში მყოფი 15 ბავშვის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და მას 14 ივნისიდან ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ხელმძღვანელობს. დაწესებულების წინა დირექტორი, მეუფე სპირიდონი მონიტორინგის ჩატარების მიზნით პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არ უშვებდა.

2 ივნისს, სახალხო დამცველმა პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული. 3 ივნისს, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა პანსიონის მოქმედი და ყოფილი აღსაზრდელების ინტერვიუები, სადაც მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საუბრობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილითაც დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს. გამოძიების შედეგები ამ დროისთვის უცნობია.

5 ივნისს, სასამართლომ დროებითი განჩინება მიიღო, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ გადაეყვანათ სახელმწიფო ზრუნვის სხვა ფორმაში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეს განჩინება ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან მოსამართლემ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში ზოგადად არსებული მდგომარეობა. საპატრიარქომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]