weather cur horoscope tv
მაისი 27, 2022

ზვიადაური რომ გაქცეულიყო ან პოლიციაში დაერეკა, ვეღარ ვიძმაკაცებდი - ჭრიკიშვილი

16:18 პარასკევი, 20 აგვისტო 2021
ფოტოზე - ავთანდილ ჭრიკიშვილი ფოტოზე - ავთანდილ ჭრიკიშვილი

„ყველა კაცს შეიძლება შეემთხვას. შენს საყვარელ ადამიანს, სისხლსა და ხორცს ასე რომ ნახავ, ვერ გაიქცეოდა და ვერ დაიმალებოდა. მე ვაცხადებ პირადად, ვეღარ ვიძმაკაცებდი რომ გაქცეულიყო, ბუჩქებში დამალულიყო, წინ ძმას ასეთი რაღაც მოუვიდა და პოლიციაში დაერეკა ან რაღაც. ჩემთვის წარმოუდგენელია“, - აცხადებს მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი მონაწილის, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პარლამენტის ყოფილი წევრი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააპატიმრეს.  

ჭრიკიშვილმა ზურაბ ზვიადაურის მხარდასაჭერად დღეს პრესკონფერენცია გამართა. „ზურაბ ზვიადაურს სრულიად ოლიმპიური გუნდი უჭერს მხარს. პირადად მე მირეკავენ ბიჭები, ოლიმპიელები, სპორტსმენები (არა მხოლოდ ძიუდოისტები) და მეუბნებიან, თუ რამეში ვართ საჭირო, ერთად ვართო. რაღაც მიზეზების, პანდემიის გამო, ვიღაცა ვიღაცის კონტაქტი იყო, დღეს მომიწია მარტო მოსვლა, მაგრამ მე მარტო არ ვარ. ზურას გვერდზე დგას მთლიანად სპორტული სამყარო.

ზურას ვინც იცნობს, მე ძალიან ახლოს ვიცნობ, ისეთი ადამიანია, რომ ვერც წარმომედგინა, ვინმეს რამეს ავნებდა. 41 წლისაა და აქამდე ასეთი რამ არასდროს მომხდარა. რომ იყოს რაღაც, ან ქუჩაში იდგეს, ან რაღაცაზე პრეტენზია ჰქონდეს, ან დანაშაული რამეში მიუძღვოდეს, არ მსმენია ასეთი რამ. ვიცი, რომ ძნელია, იქითა მხარესაც დაღუპულია, თვითონაც ძალიან განიცდის ამ ფაქტს. სამი დღის მერე 10 კილო ჰქონდა ბიჭს დაკლებული, ფაქტობრივად ძლივს დადის ფეხზე, ისეთ მდგომარეობაშია. მინდა, ადამიანურად მივუდგეთ: ხდება ასეთი რაღაცეები.

ყველა კაცს შეიძლება შეემთხვას. შენს საყვარელ ადამიანს, სისხლსა და ხორცს ასე რომ ნახავ, ვერ გაიქცეოდა და ვერ დაიმალებოდა. მე ვაცხადებ პირადად, ვეღარ ვიძმაკაცებდი რომ გაქცეულიყო, ბუჩქებში დამალულიყო, წინ ძმას ასეთი რაღაც მოუვიდა და პოლიციაში დაერეკა ან რაღაც. ჩემთვის წარმოუდგენელია.

სოციალურ ქსელებშიც ვადევნებ თვალს, ძალიან ბევრი, 90 % ეთანხმება ამას, რომ ასე მოიქცეოდა, ასე იზამდა. მე ახლა გამართლებას კი არ ვცდილობ, მაგრამ მე კი არა, ის 90 %-იც დასაჭერია მაშინ. მეც იგივენაირად მოვიქცეოდი.

აფექტის მდგომარეობაში იყო მაშინ და საავადმყოფოშიც რომ მიიყვანა დაღუპული ძმა, ჩემს ძმას ხელი არ მოტეხოთო, ყვიროდა. კი იცოდა, რომ დაღუპული იყო, მაგრამ შეშლილი იყო. კიდევ ვაცხადებ, მეც მყავს ძმა, ვისაც ჰყავს ძმა, ჩვენს გულებში ჩავიხედოთ, ჩემს სისხლსა და ხორცს, ჩემს წინ ასე ვიღაცამ რომ გაუკეთოს, ვერ ვამტყუნებ ვერაფრით. მე უფრო საშიში ვარ მაშინ და მეც დამიჭირეთ.

ისეთი შემთხვევა მოხდა, ყველას რომ შეიძლება მოუვიდეს. ცოდოა ეგ ბიჭი. არ არის ეგ ადამიანი ვინმესთვის საშიში, ან რამეს აფუჭებდეს. კარგი ადამიანია, ცოდოა, თვითონ ძალიან განიცდის. ჩხუბითაც ვერ ჩხუბობდა ხოლმე, ისეთი გულიანი ბიჭია.

ჩვენ, სპორტსმენები, ჯერ-ჯერობით არ შესულა იმ ფაზაში, რომ რაღაც ასე ვუჭერთ მხარს, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმიტომ, რომ ზურა მართალია, არ არის ზურა „პრისტუპნიკი“. სპორტს გვერდზე ვეწევი,

ყველა ბოლომდე ვიბრძოლებთ, დიდი სპორტული ოჯახი. რაც შეგვეძლება, ვიბრძოლებთ სიმართლისთვის და არა იმისთვის, რომ ზურაა, ოლიმპიური ჩემპიონია და ამის გამო უნდა გამოუშვათ.

მე ველაპარაკე ძმას და უფრო მეტი ვიცი. ეს იყო რა თქმა უნდა აუცილებელი მოგერიება. ზურა რომ არ ყოფილიყო, ალბათ, სხვებსაც მიაყოლებდაო. ძმას რომ ესროლა, დაჭრილი ეგონა, ართმევდა, ეჭიდავებოდა. რომ ეჭიდავებოდა, კიდევ ისროდაო. მე მეგონა, მეც მხვდებოდაო. ზურა ხელით ეჭიდავებოდა, ხელით ეჩხუბებოდა, არ ჰქონდა იარაღი ამოღებული. განზრახული რომ ჰქონოდა, რომ უნდა მოვკლა და შური ვიძიო, თავიდანვე ამოიღებდა იარაღს, იქნებ წავართვაო და რომ ვერ გააჩერა, კიდევ ისროდაო, რომ ვეჭიდებოდიო. თვითონაც არ ახსოვს რაღაცეები. სრულ ჭკუაზე ვეღარ არის, როგორ უნდა იყო. სულ ერიდებოდა კონფლიქტსა და ჩხუბს. გვქონია შემთხვევა, ვიღაცას, მთვრალს შეუგინებია და ის არ გვაცემინა, ცოლთან ერთად არისო და გაგვაშვებინა, ხვალ ვნახოთ ან რამეო“, - თქვა ავთანდილ ჭრიკიშვილმა, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურთან ერთად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურს თავდებში უდგებოდა თელავის რაიონულ სასამართლოში 17 აგვისტოს გამართულ პროცესზე, თუმცა მოსამართლემ პირადი თავდებობის შესახებ ბრალდებულის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზვიადაურს თავდებში უდგებოდნენ ძალოსნობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ევროპის სამგზის ჩემპიონი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი. ტალახაძე და ლიპარტელიანი პროცესზე არ ყოფილან, თუმცა ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ისინი მზად იყვნენ დისტანციურად მიეღოთ მონაწილეობა. ტალახაძესა და ლიპარტელიანს თავდებობაზე თანხმობა საჯაროდ არ დაუდასტურებიათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა კენჭოშვილი, რომლის მკვლელობასაც ზურაბ ზვიადაურს ედავებიან, ტალახაძის ოჯახის ახლობელია.

16 აგვისტოს, საღამოს, წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის შედეგად, 3 ადამიანი მოკლეს - ზვიად ზვიადაური (ზურაბ ზვიადაურის ძმა), ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი. დაიჭრნენ ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი.

საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 საათზე, ზვიად მაისურაძეს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ვახტანგ კვანტალიანთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რაშიც ჩაერთნენ ზვიად მაისურაძის ახლობლები - იქ მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილი, ლევან მაისურაძე და სხვები. ჩხუბით განაწყენებულმა ჯაბა ჯანგირაშვილმა მომხდარის შესახებ აცნობა მეგობარ ზვიად ზვიადაურს და სთხოვა დახმარება. ვახტანგ კვანტალიანი 17:00 საათისთვის დაიბარეს ჩხუბის მიზეზის გასარკვევად. დათქმულ დროს მითითებულ ადგილზე მივიდნენ ზვიად ზვიადაური, ვასილ ცოცხალაშვილი, ანზორ შამრელაშვილი და სხვები, ასევე, ზვიად ზვიადაურის ძმა ზურაბ ზვიადაური. ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ.

მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

ზურაბ ზვიადაურმა ზვიად ზვიადაური და ვასილ ცოცხალაშვილი თელავის რეფერალურ ჰისპიტალში გადაიყვანა, თუმცა საავადმყოფოში შეყვანისას ორივე გარდაცვლილი იყო. კლინიკაში შეიყვანეს ნიკა კენჭოშვილიც, ისიც დაღუპული იყო.

„ზურაბ ზვიადაურმა 27 წლის ნიკა კენჭოშვილს შურისძიების მოტივით ესროლა. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა გამოირიცხა და ამიტომაც აქვს მას ბრალად წარდგენილი განზრახ მკვლელობა“ - განაცხადა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა. ზურაბ ზვიადაური ამბობს, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზვიადაურს 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამავე საქმეზე დაკავებულია ზვიადაურების მეგობარი და ახლობელი ჯაბა ჯანგირაშვილი, ბრალდება მას სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სასამართლომ მასაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ზურაბ ზვიადაურის ადვოკატებმა თელავის სასამართლოს განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ისინი ითხოვენ, ზვიადაური აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს, ან ალტერნატივის სახით სასამართლოს 50 ათასი ლარის ოდენობით გირაოს და პირად თავდებობას სთავაზობენ.

სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 ოქტომბერს გაიმართება.

 

ამ თემაზე:

ადვოკატებმა ზვიადაურისა და ჯანგირაშვილის დაპატიმრება სააპელაციოში გაასაჩივრეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]