weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

11:53 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი, ორშაბათი, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.

ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.

კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გუშინ, 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოიშალა ერთი სადარბაზო. მას შემდეგ მაშველებმა ნანგრევებში 7 ადამიანი იპოვეს, რომელთაგან 5 გარდაცვლილი იყო. 2 ადამიანი – ახალგაზრდა ქალი და კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალი დილით გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზაურ ბუდატოვი და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი პირი – 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებული გ.ს. დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ამ თემაზე:

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მე-9 ცხედარი იპოვეს – სამძებრო სამუშაოები შეჩერდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]