weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თითოეული მოქალაქის ვალია არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით – სახალხო დამცველი

16:30 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

სახალხო დამცველი მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ჯერჯერობით უცნობია ამ დიდი ტრაგედიის მიზეზები, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაუდევრობას გამოეწვია. სწორედ ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია სიფრთხილე გამოიჩინოს და არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად წარიმართება.

26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გუშინ, 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოიშალა ერთი სადარბაზო. მას შემდეგ მაშველებმა ნანგრევებში 9 ადამიანი იპოვეს, რომელთაგან 7 უკვე გარდაცვლილი იყო. 2 ადამიანი – ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 35 წლის ქალი დღეს, დილით გარდაიცვალა, ხოლო 37 მამაკაცი რეანიმაციაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიემა.

8 დაღუპული ადამიანიდან 4 ერთი ოჯახის წევრია: დედა, მისი ორი მცირეწლოვანი შვილი და მაზლი. გარდაცვლილთა შორის არის კიდევ ერთი ბავშვი და მისი დედა.

სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ადამიანს ეძებენ მაშველები. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დილით გაკეთებული განცხადების მიხედვით, ნანგრევებში სავარაუდოდ ერთი ადამიანია დარჩენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზაურ ბუდატოვი და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი პირი – 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებული გ.ს. დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]