weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

10:17 ორშაბათი, 11 ოქტომბერი 2021

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოში გლოვის დღეა. მთავრობის განკარგულებით, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

ბათუმში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა ნანგრევებში სულ 10 ადამიანი იპოვეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. 2 ადამიანი – ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 35 წლის ქალი შაბათს, დილით გარდაიცვალა, ხოლო 37 მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

9 დაღუპული ადამიანიდან 4 ერთი ოჯახის წევრია: დედა, მისი ორი მცირეწლოვანი შვილი და მაზლი. გარდაცვლილთა შორის არის კიდევ ერთი ბავშვი და მისი დედა.

ამ დროისთვის 26 მაისის ქუჩაზე ყველანაირი სამუშაოები შეჩერებულია. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 9 ოქტომბერს განაცხადა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ არსებობს კორპუსის ნაწილის ნგრევის საფრთხე.

26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზაურ ბუდატოვი და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი პირი – 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებული გ.ს. დააკავა. პროკურატურამ სამივეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე, ბრალდებულებმა თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მინდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა. პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]