weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

კახეთში კორონავირუსის შემთხვევების გამო 7 სკოლა და 39 საბავშვო ბაღი დაიხურა

14:47 სამშაბათი, 12 ოქტომბერი 2021

კახეთში „კოვიდი –19“-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი 617 ადამიანს დაუდასტურდა. ყველაზე მძიმე ეპიდსიტუაცია გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებშია. კორონავირუსის შემთხვევების გამო, გურჯაანის სამ სოფელში სკოლები დაიხურა. კახეთის მასშტაბით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ჯამში 7 სკოლა, დახურულია 39 საბავშვო ბაღი.

გურჯაანის სამი სკოლის გარდა, ონლაინ რეჟიმში სწავლობს ლაგოდეხის N3 და სოფელ თამარიანის, ასევე ახმეტის N2 და სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ორი კვირაა რეგიონში კოვიდინფექციის დადებითი შემთხვევების მზარდი დინამიკა აღინიშნება.

„დღეს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. რაც შეეხება რეგიონის შიგნით განაწილებას, ორი მუნიციპალიტეტია ყველაზე მეტად დაზარალებული - თელავის და გურჯაანის. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სტაბილური ვითარებაა. თუ არ ვცდები, დღეს გურჯაანში 147 ახალი შემთხვევა იყო და სადღაც 114 – თელავში. სკოლებისა და საბავშო ბაღების გახსნა შემთხვევების მატების კიდევ ერთი რისკი იყო, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებში თავიდან დაფიქისრებული შემთხვევები იყო არა სკოლებში გავრცელებული, არამედ სახლებიდან მოტანილი, ანუ ოჯახური ინფიცირების შემთხვევები. უკვე გასული კვირის ბოლოს, ინფიცირებამ ალბათ სკოლებშიც გადაინაცვლა. გურჯაანში სამი სკოლა დაიხურა – ჩუმლაყის, არაშენდის და ახაშნის. მთლიანად რეგიონში გუშინ 75 კლასი იყო დახურული და 39 საბავშვო ბაღი“, – უთხრა „რეგინფოს“ ნელი ხიზანიშვილმა.

ინფექციის გავრცელების მთავარ მიზეზად რეგულაციების დაუცველობასა და ვაქცინაციის დაბალ ტემპს ასახელებენ. სკოლებთან დაკავშირებით ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობლები აიცრან.

„სეზონური სამუშაოები, რთველი და რთველთან დაკავშირებული შეკრებები, ჩურჩხელების კეთება, სტუმრიანობა, სარიტუალო ღონისძიებები – ეს ყველაფერი პირველი მიზეზია, რამაც გამოწვია შემთხვევეის მატება. სკოლებში მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან ის რეგულაციები, რომლებიც სწავლის განახლების წინ მათთვის მომზადდა. თუ სკოლა ამ რეგულაციებს ასრულებს, იქ ძალიან ნაკლებია ინფიცირების რიკსი. არანაირი დამატებითი შეზღუდვა შედეგს აღარ მოგვცემს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა ამ საკითხში, იმიტომ, რომ

პედაგოგების საკმაოდ დიდი ნაწილი, 60-70% გახლავთ აცრილი, თუმცა ეს ნამდვილად არ ვრცელდება მშობლებზე - მშობლების 15%-იც კი არ იქნება აცრილი. თუ სკოლაში მასწავლებლებს მაინც შინაგანი ვალდებულება აქვთ და ასე თუ ისე იცრებიან, ამას ვერ ვიტყვით მშობლებზე. მშობლებმაც პირველი, რაც უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მათმა შვილებმა გააგრძელონ სწავლა, მიიღონ განათლება, არის აცრა“, – ამბობს ნელი ხიზანიშვილი.

კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად, კახეთში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, შემცირებულია აცრების რაოდენობა. რეგიონში 86-87 ათასი აცრაა ჩატარებული, რაც სამიზნე მაჩვენებელზე თითქმის სამჯერ ნაკლებია. ნელი ხიზანიშვილის თქმით, ზრდასრული მოსახლეობის 60%-იანი მოცვისთვის, კახეთში 250 000 აცრა უნდა ჩატარდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]