weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ყოფილი პოლიციელის დაკავების გამო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი გადადგა

18:23 ხუთშაბათი, 21 ოქტომბერი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა, რევაზ ლაზიშვილმა განაცხადა, რომ ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას დაკავებისა და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, რუსლან შამახიას სახლში ჩატარებული ჩხრეკის გამო, პროტესტის ნიშნად თანბამდებობა დატოვა. როგორც ლაზაშვილი ამბობს, ამ ადამიანებთან უმუშავია, ისინი გმირი პოლიციელები არიან და ხელისუფლებას მათ მიმართ სხვანაირი მიდგომა უნდა ჰქონდეს.

„მე ვარ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, სადგურ „ანაკლიის“ უფროსი. დღეს მინდა განცხადება გავაკეთო თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლის დაკავებამ, რომელთანაც მე მიმუშავია და ვახასიათებ კარგ პოლიციელად, რუსლან შამახიას სახლში ჩხრეკის ჩატარებამ, ბავშვების დაწიოკებამ - აღნიშნული ფაქტის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, უბრალოდ არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩატარებული ასეთი ქმედებისთვის, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა“, – განაცხადა რევაზ ლაზიშვილმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვისაც პარტიული მოღვაწეობა სურს, პოლიციელის მუნდირი უნდა გაიხადოს.

„ჩემი სრული მხარდაჭერა მთელს პოლიციას, ჯარს, მათ შორის ყოფილებს, ყველა იმ ღირსეულ ოფიცერს, რომელიც ღირსეულად ატარებს თავის მუნდირს. მე მქონდა შემდეგი პოლიტიკა: ვიყავი რა შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი, ყოველთვის ვეუბნებოდი შემდეგს ჩვენს ოფიცრებს, რომ თქვენ გაცვიათ მუნდირი და ამ მუნდირს სჭირდება ღირსეული ტარება.

ვისაც სურს პარტიაში პარტიული მოღვაწეობა, მაშინ უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში. ეს არის ჩემი პოზიცია. ძალიან კარგია. რაც მალე მოხდება ლუსტრაცია და აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვის, გაიწმინდება ჩვენი პოლიცია ასეთი ფსევდო ოფიცრებისგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა გამთენიისას, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცველებმა მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. გარდა ამისა, ჩხრეკა ჩატარდა ზუგდიდში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, რუსლან შამახიას სახლში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებით, „ხელისუფლების მიზანია გაანეიტრალოს ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბების სქემის გაშიფვრაში“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]