weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ადვოკატი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში სასწრაფოდ გადაყვანას ითხოვს

12:16 ხუთშაბათი, 04 ნოემბერი 2021

ადვოკატი გიორგი გელხაური ხელისუფლებას მიმართავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც ის „სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების“ მიღებას შეძლებს.

ადვოკატის თქმით, ანალიზებმა აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება.

„სასწრაფოდ, მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში, სადაც ის შეძლებს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებას, ვინაიდან ყოველდღე შეიძლება დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მიხეილ სააკაშვილი არ ითხოვს პრივილეგიებს, განსაკუთრებულ მოპყრობას და დამოკიდებულებას. როდესაც დაკავებულ ადამიანს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, ჩვეულებრივად, სტანდარტულად გადაჰყავთ სამოქალაქო კლინიკაში“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად 35-ე დღეა შიმშილობს. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, პატიმარს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, რომელიც, როგორც იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, მზად არის პაციენტის მისაღებად. ციხის საავადმყოფოში გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილი.

ამ თემაზე: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა.

ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

20 ოქტომბერს, საქართველოში არალეგალურად შემოსვლიდან 23-ე დღეს, სააკაშვილს ბრალი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლითაც წარუდგინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]