weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ზაქარია ქინქლაძე პატიმრობიდან პირობით ვადამდე გათავისუფლდა

15:56 ხუთშაბათი, 04 ნოემბერი 2021

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების ყოფილი უფროსი ზაქარია ქინქლაძე, რომელიც 2019 წლის თებერვალში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

გადაწყვეტილება პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭომ მიიღო მას შემდეგ, რაც ზაქარია ქინქლაძემ სასჯელის ვადის 2/3-ზე მეტი მოიხადა.

ზაქარია ქინქლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 2019 წლის 7 თებერვალს, თელავში, სამმართველოს შენობაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წაუყენა, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაქარია ქინქლაძე დაკავების შემდეგ ბრალს არ აღიარებდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 28 ივნისს, მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რის საფუძველზეც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ასევე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ამავე საქმეზე დაკავებულ და ქრთამის მიცემაში ბრალდებულ ოთხ პირთან: ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოს, შპს „ქისტაურის“ დირექტორს, რამაზ ლეფსვერიძეს და სახერხი საამქროს, შპს „გრემის“ დამფუძნებლებს – გიორგი არჩუაშვილს და ძმებს – გოჩა და ვაჟა ფშავლიშვილებს 9 თვით პატიმრობა, 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმა და 4-წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.

საქმის მასალების თანახმად, ზაქარია ქინქლაძემ რამაზ ლეფსვერიძისგან ქრთამის სახით 2500 ლარი აიღო იმის სანაცვლოდ, რომ მისთვის ხე-ტყის უკანონო ჭრისას და რეალიზაციისას მფარველობა გაეწია. გოჩა ფშავლიშვილი, გიორგი არჩუაშვილი და ვაჟა ფშავლიშვილი კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსისთვის, ბესიკ შუბითიძისთვის ქრთამის მიცემისთვის არიან მსჯავრდებულები. პროკურატურის მტკიცებით, გოჩა ფშავლიშვილმა ხე-ტყის უკანონო მოჭრასა და რეალიზაციაში მფარველობის სანაცვლოდ, შუბითიძეს 3000 აშშ დოლარი გადაუხადა და ქრთამის სახით თანხის გადახდას ყოველთვიურად დაპირდა. ბრალდების მხარის თანახმად, რამაზ ლეფსვერიძემ, ზაქარია ქინქლაძისთვის ქრთამის მიცემის გარდა, 8000 ლარი ქრთამის სახით ბესიკ შუბითიძესაც მისცა.

თავად ბესიკ შუბითიძე არ დაუკავებიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებდნენ, რომ მან გამოძიებასთან ითანამშრომლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]