weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მეუფე ნიკოლოზმა 40 დღიანი მშრალი მარხვის არსი დააკნინა

11:48 ხუთშაბათი, 11 ნოემბერი 2021

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებას მიხეილ სააკაშვილის მარხვასთან და ზიარებასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო გამოეხმაურა.

საპატრიქრო მწუხარებით აღნიშნავს, რომ მიტროპოლიტმა ქრისტიანული სწავლების კონტექსტში შეუსაბამო შედარებები გააკეთა და მოქალაქეთა „სამართლიანი უკმაყოფილება“ გამოიწვია.

საპატრიარქოს განცხადებით, მეუფე ნიკოლოზმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე მშრალად იმარხულა, რითაც დიდი მსხვერპლი გაიღო ქვეყნის გაძლიერებისთვის და იმისთვის, რომ სიძულვილის ენა დავივიწყოთ. ამ ღვაწლით კი ყველაფერი შეინანა.

„პრეზიდენტისა და მისი მომხრეებისაგან კი ყველა ინფორმირებულია, რომ იგი შიმშილობს პროტესტის ნიშნად, უსამართლოდ მიიჩნევს მის დაკავებას და თავს დამნაშავედ არ სცნობს.

საეკლესიო მარხვა არის სინანულის აქტი, რომელიც აღესრულება ცოდვათა მონანიებისა და შენდობის სასოებით ... და საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორცილებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე შედეგის პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს.

ამიტომაც, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მითუმეტეს, რაციონი არასამარხოცაა) გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა.

ვწუხვართ, რომ მღვდელმთავრის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა.

საერთოდ კი მეუფე ნიკოლოზს მრავალი სათნო საქმე აქვს აღსრულებული და ყოველთვის იყო აქტიური. ვიმედოვნებთ, ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს და ეკლესიისა და ხალხისათვის არაერთ სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს.

განსაცდელში მყოფი ქრისტიანისაგან ზიარების მიღების სურვილი, რა თქმა უნდა, სწორია. ამ მიზნით, პატიმართან შესვლა კი, ზოგადად, კათოლიკოს-პატრიაქის ნებართვით ხდება; მაგრამ აღსარება იძლევა თუ არა ზიარების შესაძლებლობას, ეს უშუალოდ სასულიერო პირის გადასაწყვეტია. ამდენად, ზიარება მის სამოძღვრო პასუხისმგებლობას წარმოადგენს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 8 ნოემბერს მოინახულა, აღსარება ჩაიბარა და აზიარა. როგორც მეუფემ თქვა, ზიარება სააკაშვილის ინიციატივითა და კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხდა. მიტროპოლიტის შეფასებით, ეს ისტორიული დღე იყო.

„ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და ახლა მე ვიტყვი ცოტა სხვანაირიად, ქრისტიანულად: 40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა.

იგი ეზიარა ღირსეულად და ვისაც თვალში ეცოტავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გასწიეთ. ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა გასწია; ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, გაძლიერებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთის მიმართ სამუდამოდ დავივიწყოთ სიძულვილის ენა“, – განაცხადა მეუფემ.

როგორც მან თქვა, მიხეილ სააკაშვილის საქციელის მსგავსი მაგალითები თანამედროვე ცხოვრებაში არ ახსენდება.

„შემიძლია მხოლოდ ისტორიული მაგალითები დავასახელო: ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და 30-ე ფსალმუნი დაგვიტოვა. ეს იყო დავით მეფე აღმაშენებელი, იმიტომ, რომ „გალობანი სინანულისანი“ შექმნა იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არ არის და მასაც საკმაოდ დიდი ცოდვები ჰქონდა. ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, ჩვენი სათაყვანო მეფე, რომელიც ძალიან მძიმე ცოდვებით იყო, სამწუხაროდ, და ეს თავისი ცოდვები მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში ორჯერ მოინახულა. გარდა ამისა, მან ხელი მოაწერა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]