weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

15:31 პარასკევი, 19 ნოემბერი 2021

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის კურსის გასავლელად გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, თუ მიხეილ სააკაშვილის თანხმობა იქნება, გადაყვანის პროცესი ექიმებთან და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაიგეგმება.

„ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტრუქციული პოლიტიკური ძალის წაქეზებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს: გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

„ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება N18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

გუშინ, 18 ნოემბერს, შიმშილობის 49-ე დღეს, მიხეილ სააკაშვილმა, გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა, რის გამოც მისი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება გახდა საჭირო.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 17 ნოემბერს უკვე კრიტიკული იყო, რის გამოც გასცეს რეკომენდაცია, რომ მკურნალობის დაუყოვნებლივ გაგრძელებულიყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტების შეფასებით, N18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არის.

მიხეილ სააკაშვილმა 11 ნოემბერს განაცხადა, რომ მზად არის გაითვალისწინოს ევროსასამართლოს მოწოდება და შეწყვიტოს შიმშილობა იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს „უდიდეს საფრთხეს“ უკავშირდება რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფების სიახლოვის გამო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]