weather cur horoscope tv
მაისი 24, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს თუ რეაბილიტაციას მულტიფუნქციურ კლინიკაში გაივლის

18:48 ხუთშაბათი, 11 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 42-ე დღეა შიმშილობს, მზად არის გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა.

გლდანის ციხის საავადმყოფოდან მიხეილ სააკაშვილის წერილი მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გამოიტანა.

„მივიღე გადაწყვეტილება გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა, რომლის გარეშეც შიმშილობა არ შეწყდება.

შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი, ამიტომაც გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი.

ამას გარდა, წარმოუდგენელია ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და მათი ძალადობის კადრები დღეს იხილეთ. ამას გარდა, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა.

ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან ამ ჰოსპიტალიდან - იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის დამკვეთია.

შესაბამისად, ვითხოვ, ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა მეთოდით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს. კონსილიუმი უნდა იყოს პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე, ჩემი წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლობის თანაბარი ექიმების შემადგენლობით“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ამასთან, მან შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც მე-9 დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.

10 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ, მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა, სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა. გარდა ამისა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აცნობოს მას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის) შესახებ, უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და შესაბამისი მოვლა შიმშილობის შემდგომ გამოჯანსაღების პერიოდში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარს პრიორიტეტი მიანიჭა. მხარეებმა სასამართლოს მოთხოვნილი ინფორმაცია 24 ნოემბრამდე უნდა გაუგზავნონ.

საქართველოს იუსტიციის მინისტმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლები ითხოვდნენ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას გლდანის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და „სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა“.

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განმარტებით კი, სააკაშვილის საჩივარი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას, არამედ ეს „ერთ-ერთი მოსაზრება იყო“: „სტრასბურგის სასამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს ზურუნველყოფილი“, – თქვა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მათთვის მთავარია, რომ საერთაშორისო სასამართლომ შიმშილობა დაადასტურა და „სახელმწიფო დაავალდებულა, რომ მიხეილ სააკაშვილს თმა არ უნდა ჩამოუვარდეს თავიდან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]