weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარიც გამოეხმაურა

22:59 სამშაბათი, 28 დეკემბერი 2021

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონპროექტზე, რომელიც „ძირს უთხრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლად ფუნქციონირებას“.

მიატოვიჩის განცხადება დღის ბოლოს ევროპის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით და დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე იმ კანონპროექტის მიღებისაგან, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორისა და სამსახურში ყველა დასაქმებული პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

ამ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, შეუძლია მხოლოდ შეასუსტოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელი ფუნქციონირება“, – აცხადებს მიატოვიჩი.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ქართული ოცნების“ წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის – შექმნას ითვალისწინებს.

კანონპროექტი ბიუროს გუშინ, 28 დეკემბერს წარედგინა, დღეს კი მას მხარი დაუჭირეს საპროცედურო საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულმა კომიტეტებმა, მიუხედავად იმისა, რომ განხილვის შეჩერების მოწოდებით ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოში აშშ-ის ელჩი გამოვიდნენ.

პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ლონდა თოლორაიას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე პარლამენტმა 6 წლის ვადით 2019 წლის ივლისში აირჩია, უფლებამოსილება შეუწყდება. გარდა ამისა, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 100-ზე მეტი თანამშრომელი 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურიდან გათავისუფლდება.

თოლორაიას თქმით, კანონპროექტის მომზადების პროცესში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს პარლამენტიდან არავინ დაკავშირებია და სამსახურის თანამშრომლებმა ინიციატივის შესახებ მედიიდან შეიტყვეს. გარდა ამისა, ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაშია ახლა, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კანონპროექტი წარადგინეს და დაჩქარებულად განიხილავენ.

„ყველასთვის ცხადია რომ ეს არ არის რეფორმა - ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და მისი დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები ინსტიტუციურ გაძლიერებას და ევროკავშირის პრაქტიკასთან დაახლოებას ემსახურება.

 

ამ თემაზე:

აშშ-ის ელჩი პარლამენტს მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტი შეაჩეროს 

როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა მიუღებელია – ზურაბიშვილი

OHCHR სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციატივის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

„პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს“ – კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე 

უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა, ეს ჩვენი დასჯაა – თოლორაია

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]