weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ISIS-ის წევრობის საქმეზე დაკავებულთაგან ერთს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა, ოთხს კი 10-10 წლით

11:49 სამშაბათი, 03 მაისი 2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს პროკურატრურამ გაავრცელა. საუბარია 2021 წლის აგვისტოში, პანკისის ხეობაში დაკავებულებზე.

„სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაერთიანებული იყო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე.

ახლადგაწევრიანებული პირები გეგმავდნენ სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას, რაც დროულად აღიკვეთა საქართველოს პროკურატურისა და კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთობლივი მოქმედებებით“, – აცხადებს პროკურორი მალხაზ კაპანაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფლებში – დუისსა და ქორეთში ხუთი პირი 2021 წლის 24 აგვისტოს დააკავა, მოგვიანებით კი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო მასალის ნაწილი გაავრცელა, რომლითაც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დაკავებულებმა ერთგულების დასტურად, „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) დადეს.

დაკავების დროს სამი პირი 18 წლის, ერთი 19-ის, ხოლო მეხუთე – უსუფ ცათიაშვილი, რომელიც, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ღიად ამბობდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირია, 38 წლის იყო. პროკურატურის თანახმად, უსუფ ცათიაშვილმა გააწევრიანა ტერორისტულ ორგანიზაციაში რამაზ ქავთარაშვილი, ჰამზათ ბაღაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი და მაგამედ მაჩალიკაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უსუფ ცათიაშვილ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო დანარჩენი ოთხი ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა). მათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]