weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-სთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

16:13 ორშაბათი, 16 მაისი 2022

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ განაჩენის საფუძველზე, „რუსთავი 2“-სთვის მიყენებული „მრავალმილიონიანი ზიანის“ ანაზღაურებას მოითხოვს.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია „ინტერმედიასთან“ გარიგების დადების გზით, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, „რუსთავი 2“-ს განზრახ 6.7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა. აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს „რუსთავი 2“-ს, რომელიც ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებით, 2019 წელს კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა“, – ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

ქიბარ ხალვაშის თქმით, „რუსთავი 2“-სთვის ზიანის მიყენების მოტივი იყო ის გარემოება, რომ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელები და ნიკა გვარამია ფიქრობდნენ, რომ ტელეკომპანია მას დაუბრუნდებოდა.

„მათ თავად იცოდნენ, რომ ტელეკომპანიის შენარჩუნების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რაც საბოლოოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.

ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ ბოროტად ისარგებლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეფარდებული დროებითი ზომით, მისი გამოყენებით ტელეკომპანიას დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართ უდიერი დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინებაა.

მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი. ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში“, – ამბობს ქიბარ ხალვაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ის დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე, სადაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გვარამიამ 6 763 509 ლარით აზარალა ტელეკომპანია, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა განუსაზღვრა, ხოლო ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე – პატიმრობა. ნიკა გვარამია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. განაჩენს არ ეთანხმება პროკურატურაც და მის გასაჩივრებას აპირებს.

 

ამ თემაზე:

TI გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენზე: სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა

გვარამიას მიმართ განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია – საია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]