weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

15:26 შაბათი, 30 ივლისი 2022
ლევან რატიანი ლევან რატიანი

გურდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

რატიანის ინფორმაციით, პარაპლანისტს ქვედა კიდურზე ტრავმის გამო ოპერაცია ჩაუტარდა და ქირურგიულ განყოფილებაში დაკვირვების რეჟიმში იმყოფება.

გუშინ, 29 ივლისს, გუდაურში, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რუსული წარმოების „მი 8“ ჩამოვარდა და აფეთქდა. შედეგად ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. მათგან ოთხი ეკიპაჟის წევრი, ორი მაშველი და ორი ექიმი იყო.

ვერტმფრენის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და ტურისტის სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. ტურისტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, დაიღუპა, ხოლო საქართველოს მოქალაქე პარაპლანისტი დაზიანებებით თბილისში გადაიყვანეს.

ამ თვეში გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნას უკვე მეორე ტურისტი ემსხვერპლა. ტრაგედიის ადგილზე ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ „თითქმის კვირა არ გავა“ ისე, რომ პარაპლანის ჩამოვარდნის გამო სამაშველო ოპერაციის ჩატარება და ვერტმფრენის ჩართვა არ გახდეს საჭირო. მისივე თქმით, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ან ფრენა საერთოდ აიკრძალოს.

„რა თქმა უნდა, არის დაღუპვის ფაქტები. არ ვიცი, აქ რატომ ხდება ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა – ყველაფერი საინტერესოა და ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. ვიდრე ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანებით ფრენა“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გომელაურის თქმით, გამოძიება დაადგენს, რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი.

თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს სავარაუდოდ კლდესთან შეხების შედეგად ე.წ. კუდის როტორი დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. მომხდარის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ქარი სახელდება.

მთავრობის განკარგულებით, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]