weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სპეცოპერაციის სამიზნე ბინა მერი ხანგოშვილის სახელზეა რეგისტრირებული

15:01 ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 46-ე კორპუსში მდებარე ბინა, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნეა და სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან, მერი ხანგოშვილის სახელზეა რეგისტრირებული. მერი ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრია და მეუღლესთან ერთად, თბილისში, ისნის რაიონში ცხოვრობს.

როგორც მერი ხანგოშვილმა სააგენტო „რეგინფოს“ განუცხადა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინა მას დაახლოებით 6 წლის წინ თინა გაურგაშვილმა გადაუფორმა.

„ჩემი ნათესავი გოგონა თინა გაურგაშვილის შვილის, ასლანბეგ ჯაბრაილოვის მეუღლე იყო. როდესაც თინა საქართველოდან ავსტრიაში მიდიოდა, თავის შვილთან და რძალთან ერთად, თბილისში მდებარე ბინა ჩემს სახელზე გადმოაფორმეს. თუმცა, ფაქტობრივად ბინა ისევ მათი იყო. თინა საქართველოდან წავიდა, მაგრამ მისი შვილი და რძალი საზღვარზე არ გაატარეს. ამის შემდეგ ბინა ფორმალურად ჩემზე დარჩა გაფორმებული, თუმცა მისი გასაღები ასლანბეგს ჰქონდა და ბინას ის პატრონობდა. თუ გააქირავა და იქ ვინმე შეუშვა, ეს მე არვიცი. მაგრამ მითხრეს, რომ წუხანდელის შემდეგ სპეცოპერაცია ვის მიმართაც მიმდინარეობს, ისინი იმ ბინაში ყოფილან. მათ იმ ბინაში უცხოვრიათ, რომელიც ჩემს სახელზეა გაფორმებული. ვინ არიან ისინი, მე არვიცი“, - განაცხადა მერი ხანგოშვილმა.

ის, რომ ბინა, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნეა პანკისის ხეობაში მცხოვრები პირის საკუთრება იყო, „რეგინფოსთვის“ ცნობილი დღეს დილით გახდა. „რეგინფომ“ მოახერხა ასლანბეგ ჯაბრაილოვთან დაკავშირება ვიდრე ის მობილურ ტელეფონს გამორთავდა. თავდაპირველად ასლანბეგ ჯაბრაილოვმა უარყო, რომ მას თბილისში ბინა ჰქონდა და მის ბინაში ის პირები ცხოვრობდნენ, რომელთა დაკავების მიზნითაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს. თუმცა, ასლანბეგ ჯაბრაილოვის ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნული ბინა მათი ოჯახის საკუთრება იყო.

ამ დროისთვის ასლანბეგ ჯაბრაილოვს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს დუისის პოლიციის შენობაში დაკითხვაზე ჰყავდათ.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, რომელიც სააგენტოს ჯაბრაილოვის ახლობლებმა მოაწოდეს, ბინა ასლანბეგ ჯაბრაილოვმა დაახლოებით ერთი თვის წინ, ნათესავის დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გააქირავა.

გუშინ გვიან ღამიდან ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად სპეცოპერაცია გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული დაჯგუფების წევრები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]