weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი ტერორიზმთან კავშირს უარყოფს – სახალხო დამცველი

12:28 ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი ტერორიზმთან კავშირს უარყოფს. უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, დაკავებულმა განაცხადა, რომ ის სპეცოპერაციის სამიზნე დანაშაულებრივი ჯგუფის მხოლოდ ერთ წევრს იცნობდა.

„ჩვენმა წარმომადგენელმა დაკავებული მოინახულა. ის უარყოფს ტერორიზმთან კავშირს, თუმცა აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას. ამბობს, რომ არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია. მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა. ის იყო დაინტერესებული მეტი ინფორმაცია მიეღო მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რაც მას მივაწოდეთ. გამოძიებამ ყველა იმ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რომელიც წარმოიშვა ამ სპეცოპერაციის პროცესში. როგორ მოხვდა თუნდაც ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს კითხვები არსებობს და იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია წარედგინება ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ს.დ. თბილისში, 21 ნოემბერს დააკავეს. დაკავებისას მას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩნდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ს.დ. სამ თანამზრახველთან ერთად თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა, სადაც ის და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებებს, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ.

ს.დ.-ს დაკავების შემდგომ, საცხოვრებელ ბინაში მყოფმა სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე - ბინის კარის გახსნასა და იარაღის ჩაბარებაზე. მათ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი, რა დროსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა“, - განაცხადეს პროკურატურაში

პროკურატურამ ს. დ.-ს ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ ს.დ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, 21 და 22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დააკავეს, სამი კი მოკლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. დაკავებული ს.დ.-ს ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]