weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ოთარ წოწორია – ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდაა გაკეთებული

12:59 პარასკევი, 19 მაისი 2017

ოთარ წოწორიას განცხადებით, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრული საქმე მისი დის, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას საქმიანობას უკავშირდება და მის წინააღმდეგ არის მიმართული, – წოწორიას კომენტარს აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

„ჩემი დის საწინააღმდეგოდაა გაკეთებული ყველაფერი. სანადირო თოფი ჩემია, რეგისტრირებულია. ერთი იარაღი ბაბუაჩემის იყო და ისიც რეგისტრირებულია. დანარჩენი წარმოუდგენელია ჩემთვის საიდან გაჩნდა სახლში“ - განუცხადა ჟურნალისტებს წოწორიამ.

პოლიციამ ისე დატოვა ტერიტორია, რომ ოთარ წოწორია არ დაუკითხავს.

ოთარ წოწორიას ადვოკატის განმარტებით, სახლიდან ამოღებული იარაღის ნაწილი, კერძოდ პისტოლეტი და ვაზნები, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ეკუთვნის. რაც შეეხება ორ სანადირო თოფს, ადვოკატის თქმით, ისინი წოწორიას საკუთრებაა და რეგისტრირებულია. 

ოთარ წოწორია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმაა.

წოწორიების სახლიდან ამოღებულ იარაღზე პოლიციამ საქმე 238-ე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის სახლში ჩატარებული ჩხრეკა პოლიტიკოსებმაც შეაფასეს.

„ოთარ წოწორიას ვიცნობ, როგორ წესიერ, პატიოსან, მშრომელ ადამიანს, რომელსაც მანქანის პროფილაქტიკა აქვს ბათუმში და თავადაც იქ მუშაობს ფიზიკურად. მთელმა ბათუმმა იცის.

სიმამრის გარდაცვალების გამო თავადაც და მთელი ოჯახი ერთი კვირის გამო არ ყოფილა სახლში. ბრუნდებიან და ადგებათ სუსი. ატარებენ ჩხრეკას და ბაბუის დანატოვარ ორ, კანონიერად გაფორმებულ სანადირო თოფთან ერთად, სამზარეულოში „პოულობენ“ პისტოლეტს, რომლის წარმომავლობა არც ოთარმა და არც ოჯახმა არ იცის.

ოთარის და, ნონა წოწორია სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეა, იმ სასამართლოსი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს თავზე გადაახია „რუსთავი 2“-ის საქმე და რომლის დიდმა პალატამ სულ მალე უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე. ვანო მერაბიშვილის საქმეზე ამ სასამართლომ უკვე თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძის მიერ საკნიდან მერაბიშვილის გაყვანა ეჭვს ქმნის, რომ მართლმსაჯულებას პოლიტიკური მოტივი ამოძრავებდა“, – აცხადებს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ოთარ წოწორიას განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

„რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს, რომელიც კანონს არღვევს, ურჩევნია, რომ რაღაც თავდაცვა მოიფიქროს და ამ შემთხვევაში, ეს არის თავდაცვის სტრატეგია. ჩვენ ვამბობთ, რომ კანონზე მაღლა არ დგას არავინ, არც მოსამართლის ძმა, არც მინისტრის ძმა და აბსოლუტურად არავინ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, თუ კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე, ეს არის აბსოლუტურად გამართლებული, მიუხედავად იმისა, ვის ნათესავზეა საუბარი“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]