weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

აფხაზებისთვის პატრიარქი კირილი დიდი ბატონია - ბესარიონ აპლია

12:47 შაბათი, 13 ოქტომბერი 2018

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი, ბესარიონ აპლია მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ უგუნურს, ამერიკელებისა და ევროპელების მიერ ინსპირირებულს უწოდებს.

აპლიას თქმით, კონსტანტინოპოლი (მსოფლიო) საპატრიარქო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შეიჭრა, როდესაც კიევის საპატრიარქოს მეთაურს, ფილარეტს და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარს მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გამოცხადებული ანათემა მოხსნა.

„ვინც ისინი ანათემას გადასცა [ე.ი. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია], მათვე უნდა გადაწყვიტონ აპატიონ, თუ არა. პატიებისთვის კი საჭიროა მონანიება. სინანულის წერილი არ არის. როგორ შეეძლო მათთვის ანათემის მოხსნა ბართლომეს, რომელსაც მათთან არავითარი კავშირი არ აქვს? სწორედ ეს არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრა. სახეზეა კანონიკური ნორმების, სამოციქული დადგენილებების დარღვევა“, - აღნიშნა ბესარიონ აპლიამ სააგენტო „რია ნოვოსტი“-სთან საუბარში.

მისივე თქმით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის გადაწყვეტილების უკან უკრაინის ხელისუფლება, ასევე აშშ და ევროკავშირი დგანან.: „კონსტანტინოპოლის კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ როგორც რომი დაეცა სხვების უბედურებისა და სხვისი ტერიტორიების მიტაცების გამო, ისევე დაეცა ბიზანტიაც. ის, რასაც ბართლომე აკეთებს, ამერიკელი აგრესორების, ევროპელი განდგომილი პროტესტანტების მხარდაჭერაა. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სლავები ერთად არ იყვნენ“.

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი აცხადებს, რომ ამ „კონფლიქტში“ აფხაზეთი მოსკოვს და პატრიარქ კირილს უჭერს მხარს.

„ჩვენ, აფხაზები კირილზე ვსაუბრობთ, როგორც დიდ ბატონზე, მამასა და ქართული აგრესიისგან დამცველზე. ქართულ აგრესიას თან სდევდა სწორედ ასეთი უხეში დარღვევები“, - განაცხადა აპლიამ.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და უმაღლესმა რადამ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომე I-ს უკრაინის ერთიანი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნაში დახმარების და რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფის თხოვნით აპრილში მიმართეს. 24 სექტემბერს მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მიიღებს, რადგან ეს მისი უფლებაა. 11 ოქტომბერს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურს - პატრიარქ ფილარეტს მოსკოვის მიერ გამოცხადებული ანათემა მოხსნა. ფილარეტის გარდა, ანათემა ასევე მოეხსნა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის.

გარდა ამისა, წმინდა სინოდმა გააუქმა 1686 წელს მიღებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც კიევის მიტროპოლია რუსეთის საპატრიარქოს დაექვემდებარა. აღსანიშნავია, რომ 998 წლიდან 1686 წლამდე უკრაინის ერთიანი ავტოკეფალური ეკლესია კონსტანტინოპოლს ექვემდებარებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]