weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე ოქრუაშვილის განცხადებას გმობს

14:48 ხუთშაბათი, 02 მაისი 2019

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საჯარო განცხადებებს, რომლებიც მან დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა. კოალიციას მიაჩნია, რომ პოლიტიკოსი თავისი განცხადებებით საქართველოს აზერბაიჯანელი თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას და მარგინალიზებას უწყობს ხელს.

კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური და სოციალური გავლენები დღეს სუსტია, თუმცა ეთნიკური უმცირესობების მიმართ მისი რიტორიკა სიმპტომატურად აჩვენებს დომინანტურ პოლიტიკასა და დისკურსს საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების მიმართ.

„ირაკლი ოქრუაშვილმა 25 აპრილს, საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დავით გარეჯის მოვლენებთან დაკავშირებით დაწერა, რომ 2005 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მორიგი პოლიტიკური უთანხმოების მოგვარება მან შეძლო აზერბაიჯანის შს მინისტრის დამუქრებით, რომ თუ ის ამ პრობლემას არ მოაგვარებდა „დილით წითელ ხიდზე 500 ათას ლტოლვილს მიიღებდა“. ოქრუაშვილის ამ განცხადებას ლოგიკური პროტესტი მოჰყვა საზოგადოების ერთ ნაწილში და განსაკუთრებით, ეთნიკურ აზერბაიჯანელებში, რის საპასუხოდაც 30 აპრილს ოქრუაშვილმა მორიგი განცხადება გააკეთა, სადაც ის საქართველოს აზერბაიჯანელებს აკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც დავით გარეჯში ხდება, ვინაიდან თითქოს ისინი არასოდეს იყვნენ საქართველოში ცვლილებების მომხრე, არასოდეს იღებდნენ ხმას საქართველოს ინტერესების დასაცავად და რომ ისინი არიან სათამაშო ფიგურა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის საქართველოში. ოქრუაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა რომ საქართველო „მათთან ვალში არაა“, არამედ პირიქით. მეტიც, ოქრუაშვილის მორიგი საჯარო პოსტი შეურაცხმყოფელად და აგდებულად მიმართავს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებს, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ვერ მოახერხეს და ვერ ისწავლეს ქართული ენა.

ირაკლი ოქრუაშვილის ორივე განცხადება წლების განმავლობაში იმ დომინანტური პოლიტიკის გამოვლინებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან კავშირში ხედავს და მათ ხშირად სხვა ქვეყანასთან პოლიტიკური მოლაპარაკებების ან გავლენის მოპოვების საგნად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ მსგავსი შინაარსის განცხადება ასევე გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა მარიამ ჯაშმა. ცხადია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და მასთან თანამშრომლობით ურთიერთობები მრავალმხრივად არის მნიშვნელოვანი, თუმცა, ეს გარემოება არანაირ გავლენას არ უნდა ახდენდეს საქართველოს აზერბაიჯანელი თემის საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად აღქმასა და ინტეგრაციაზე“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

თანასწორობის კოალიცია გმობს მსგავსი რიტორიკით და ენით ეთნიკურ უმცირესობებთან ლაპარაკს და მოუწოდებს პოლიტიკურ ჯგუფებს, გაიზიარონ საკუთარი პასუხისმგებლობა დემოკრატიული და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის პროცესში და არ დაუშვან ეთნიკური უმცირესობების გამაუცხოებელი იდეების კულტივირება.

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმე დღით ჩაკეტეს და 26 აპრილს გახსნეს. მონასტრამდე არც სასულიერო პირებს უშვებდნენ და არც ტურისტებს. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, მამა კირიონის თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდვა დააწესეს მას შემდეგ, რაც 20 აპრილს, სალომე ზურაბიშვილმა უდაბნოს მონასტერი მოინახულა. დავით გარეჯში მყოფმა ზურაბიშვილმა აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]