weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დეპუტატი ენზელ მკოიანი სექსუალური შევიწროების ბრალდებას უარყოფს

19:26 კვირა, 21 ივლისი 2019

„ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ბინძური კამპანიის ნაწილია.

ენზელ მკოიანი სექსუალურ შევიწროებაში ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნარინე გინოსიანმა დაადანაშაულა. გინოსიანს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 9 ათასი ლარის გაფლანგვასა და მითვისებას ედავება, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ენზელ მკოიანის ანგარიშსწორებაა იმის გამო, რომ მას სექსუალურ კავშირზე უარი უთხრა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, ბაღების გაერთიანების დირექტორს „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ლიდერი შეხვდა და ამ „საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მისაცემად, მის წინააღმდეგ ბინძური ბრალდებების გაჟღერება ურჩია“.

„მივმართავ ამ პარტიის მესვეურებს - შეწყვიტონ თავიანთ ბინძურ კამპანიაში ჩემს წინააღმდეგ ბავშვების ფულის მიმთვისებლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავასაჯაროებ ამ ლიდერების გვარებს და ნარინე გინოსიანთან ერთად, ამ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელს შევიტან, ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო“, – აცხადებს მკოიანი.

მისივე თქმით, გინოსიანის მიერ საბავშვო ბაღების კუთვნილი თანხების ფლანგვასთან დაკავშირებით, კითხვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა.

„მისი საქმიანობა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და გინოსიანს არაერთი დარღვევა აღმოუჩინა. კერძოდ: საკანცელარიო ნივთების იმაზე ძვირად შესყიდვა, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჰქონდა გაფორმებული. ასევე, საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის შეძენა ზედმეტ თანხად, ხოლო ბავშვების რაციონისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის სრულად მოპარვა, როგორიცაა თევზი. როგორც მშობლები და მზარეულები ირწმუნებიან, ბაღის აღსაზრდელები მუდმივად ერთი სახის საკვებს მიირთმევდნენ და მათ რაციონში თევზი, რომელსაც დოკუმენტაციის მიხედვით, გინოსიანი დიდი რაოდენობით ყიდულობდა, საერთოდ არ ყოფილა.

აუდიტის სამსახურმა შესწავლის დასრულების შემდეგ ეს საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა და გინოსიანს შესაბამისი ბრალიც წარედგინა.

გარდა ამისა, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეოკადრების სახით, იმის შესახებ, როგორ აძლევს ნარინე გინოსიანი უცხო პირებს მხოლოდ სამსახურეობრივი ტრანსპორტის მოხმარებისთვის განკუთვნილი საწვავის ე.წ. ჩიპებს. ანუ, ეს ქალბატონი საბიუჯეტო სახსრებს იყენებს პირადი და მისი მეგობრების კერძო მოხმარებისათვის, რაც ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამის მტკიცებულება ბენზინგასამართი სადგურების ქსელის „რომპეტროლის“ ერთ-ერთ სათვალთვალო კამერას აქვს დაფიქსირებული“, – აცხადებს ენზელ მკოიანი.

19 ივლისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნარინე გინოსიანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 5 000 ლარი შეუფარდა, მის ბუღალტერს კი 3 000 ლარი. საქმეზე წინასამართლო სხდომა სექტემბერში ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]