weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2019

თადუმაძემ განმარტა როგორ ჩააბარა 1994 წელს დაარსებულ ინსტიტუტში 1993 წელს

13:38 ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი 2019 hits 89

გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ განმარტა, როგორ ჩააბარა 1994 წელს დაარსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1993 წელს. დიპლომთან დაკავშირებით შეკითხვა თადუმაძეს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დაუსვეს.

„სკოლა დავამთავრე 1994 წელს. 1994 წელს ჩავაბარე ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო სახელწოდება იყო „ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“. 1998 წელს გავედი ექსტერნის გამოცდებზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი. აუცილებელი მოთხოვნა იყო დიპლომში მითითებული ყოფილიყო დიპლომის გაცემის ფაქტიური პერიოდი - 1998 წლის კონკრეტული რიცხვი და მეორე, აუცილებელი მოთხოვნა იყო სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის დაფიქსირება. არა როდის ჩააბარა, არამედ სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის დაფიქსირება. 1998 წელს მე დავამთავრე 5-წლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით, შესაბამისად, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა ხუთწლიანი პროგრამის განმსაზღვრელი ვადა და ეს წლებით განისაზღვრებოდა. რომ ჩაეწერათ 4-წლიანი ფაქტიური ვადა - 1994-1998, მე მექმნებოდა პრობლემა და ეს არ იქნებოდა იურიდიული საფუძველი“, - განაცხადა თადუმაძემ.

რაც შეეხება სასწავლებლის იურიდიულ სახელწოდებას, რასთან დაკავშირებითაც ასევე არსებობს კითხვები, თადუმაძე ამბობს, რომ მისი სწავლის პერიოდში ინსტიტუტი ოპერირებდა, როგორც ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი.

„ის იურიდიული სახელწოდება, რომელიც წერია ჩემს დიპლომში, სამეწარმეო სახელწოდებად არსებობდა რეგისტრირებულ თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტისთვის. სამეწარმეო საქმიანობისას ოპერირებდა ამ სახელით. შემიძლია სხვა ადამიანები მიგითითოთ, რომ იგივე პერიოდში აქვთ მიღებული იგივე დაწესებულების დიპლომი“, - განაცხადა თადუმაძემ.

მან განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მის ბიოგრაფიაში სწავლის დასრულების თარიღად ზოგან 1998, ზოგ შემთხვევაში კი 1999 წელია მითითებული.

„იმ შემთხვევაში, როდესაც არ წარვადგენ ხოლმე დიპლომს, ყოველთვის მივუთითებ ფაქტიურ მოცემულობას, რომ 94-ში ჩავაბარე და 99-ში დავამთავრე. სადაც წარდგენილი მაქვს დიპლომი, ყველგან მითითებული მაქვს, რომ ჩემი სასწავლო წელი იყო 93-98 ექსტერნატის ფორმით. დღეს როდესაც ვლაპარაკობთ, რომ 93 წერია და არ ვამბობთ რა ფორმით დამთავრდა, აქ სხვა შინაარსები იკითხება“, - აღნიშნავს თადუმაძე.

შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით დასკვნები საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გუშინ გამოაქვეყნეს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ თადუმაძის უმაღლეს იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს. კერძოდ, შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ ის ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს (როდესაც ის 15 წლის იყო), მაშინ როცა დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წლის 25 აგვისტოს მიიღო; დიპლომში საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას ეწოდა ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს; საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997-1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს 4 (ოთხ) კურსს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]