weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს - მინისტრი

00:39 ორშაბათი, 18 ნოემბერი 2019

„ბოლო ინფორმაციით რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება“, - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ეს „რამდენიმე დღე“ იყოს რაც შეიძლება მალე და ბატონი ვაჟა დაუბრუნდეს მის ოჯახს, ასევე მის მაღალ პროფესიულ საქმიანობას, რითაც არაერთ პაციენტს უმკურნალა ამ წლების განმავლობაში, მათ შორის ოსსა და აფხაზს.

დღეს და წლებია ოკუპაციის და საოკუპაციო პოლიტიკის გამო მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ათასობით ადამიანი, დევნილები, მავთულხლართების პირას მცხოვრებნი თუ მავთუხლართებს მიღმა იზოლირებულნი. დღეს ვაჟა ექიმი არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის და მასთან გამკლავების აუცილებლობის", - წერს ციხელაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას.

ციხელაშვილი ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესა და ქალიშვილებს შეხვდა და მათ ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ნებისმიერი უკანონო დაკავება, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია. მითუფრო, როდესაც საქმე ეხება ექიმს, ადამიანს, რომელსაც თავად აქვს უზარმაზარი გამოცდილება უმკურნალოს ყველას, განურჩევლად ეთნიკურობისა, მათ შორის, ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს. რა თქმა უნდა, არც სხვა ექიმები, მისი კოლეგები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ძალიან შეშფოთებულები არიან, არ აპირებენ იმას, რომ თუნდაც ამის გამო ჰიპოკრატეს ფიცს უღალატონ. არ გამოვრიცხავ, რომ ის, ვინც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას იღებს, ფიქრობს, ამით ჩრდილს მიაყენებს რეფერალურ პროგრამას, რომელსაც საქართველო ახორციელებს. რა თქმა უნდა, ის გაგრძელდება. ვიცი ისიც, რომ ბევრი ოსისათვის ეს ფაქტი ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია. მათი ღირსების შემლახავია, რომ ექიმი, ამდენი დღის განმავლობაში, უკანონოდაა დაკავებული“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე თქმით, 9 ნოემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისა და ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩაერთო ყველა შესაბამისი უწყება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ინფორმირებული იყვნენ ჟენევის თანათავმჯდომარეები, ყველა საერთაშორისო აქტორი. არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი.

ციხელაშვილის თქმით, ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია:

„არაერთ პირს სჭირდება სამედიცინო დახმარება და ცხინვალის რეგიონი, ფაქტობრივად, იზოლატორად იქცა. ამით, პირველ რიგში, ახალგორის მოსახლეობა ზარალდება. თუმცა, ასევე ზარალდება ოსი მოსახლეობაც, რომელიც დანარჩენ ტერიტორიაზე ცხოვრობს“.

ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს, ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქართველი ექიმი თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის, თამარ გიგაურისთვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა.

15 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ დაკავებულ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაშია. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი პირის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]