weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ბრალს არ აღიარებს

14:10 შაბათი, 16 ნოემბერი 2019

საოკუპაციო ძალების მიერ ახალგორში დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ არ აღიარებს. ექიმის თქმით, ის საქართველოში, ქართულ მიწაზე იმყოფება და არავითარი საზღვარი არ დაურღვევია.

„ერთადერთ რამეს ითხოვენ ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ვაჟა გაფრინდაშვილისგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ“,

- ამბობს ექიმი დავით ღვინიაშვილი, რომელიც ცხინვალიდან გათავისუფლებულ ქართველ პატიმრებს გუშინ შეხვდა.

ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს, ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დადასტურებული ინფორმაციით, ქართველი ექიმი თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის, თამარ გიგაურისთვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა. სამთავისში მას გიგაურების ოჯახის ახლობელი დახვდა. მათ ვერ მიაღწიეს ახალგორამდე, სადაც დაშავებული პედაგოგი დის სახლშია მოთავსებული.

ახალგორის განათლების განყოფილების ყოფილი უფროსი და დამსახურებული მასწავლებელი 67 წლის თამარ გიგაური 3 ნოემბერს 7 მეტრიან ჭაში ჩავარდა. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები აქვს. დაშავებულს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაუწიეს, რის გამოც ოჯახის წევრები პაციენტის გადმოყვანას თბილისში ითხოვენ, თუმცა ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი მათ ამის უფლებას არ აძლევთ.

2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაშია.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამარ ლაფანაშვილი ამბობს: „ვაჟა ბოლოს 9 ნოემბერს დილით ვნახე. სახლიდან გასვლამდე მითხრა, რომ პაციენტთან მოდიოდა. იმავე დღეს, დაახლოებით 15:30 საათზე დარეკა და თქვა, რომ რუსმა სამხედროებმა დაიჭირეს. ალბათ ვინმეს დასახმარებლად გადავიდოდა ახალგორში, სხვა შეხება ან რაიმე კავშირი ჩვენ ამ რაიონთან არ გვაქვს. მისი დაკავების შემდეგ გავიხსენეთ,

ვაჟას წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ახალგორში მასწავლებელი ჭაში ჩავარდა, მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა და კვალიფიციურ ექიმს ვერ პოულობდნენ, რომ დახმარება გაეწია, ვერც აქეთ გადმოჰყავდათ. კი თქვა, საწყალი ქალი, ალბათ როგორ უჭირსო. მეტი არაფერი უთქვამს მაშინ“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსი სამხედროების მიერ ქართველი ექიმის დაკავების თაობაზე ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო უშუიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ცნობები ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ გამოაქვეყნა. მანამდე საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს მალავდა.

15 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ დაკავებულ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

9-11 ნოემბერს დაკავებული საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე რამაზ ზადიშვილი, დავით მიშელაშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი კი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო, ფულადი ჯარიმა დააკისრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაძევებით და გაათავისუფლა.

 

ახალგორში ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხს ჟენევის შეხვედრაზე განიხილავენ

 

აშშ-ს საელჩო დაკავებული ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]