weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ყველა ვიზიტს ვიყენებთ დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად - ზალკალიანი

00:26 სამშაბათი, 26 ნოემბერი 2019

„მინდა ბატონი ვაჟას ოჯახს კიდევ ერთხელ მივმართო და დავარწმუნო, რომ მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა შესაძლო ფორმატი და საკომუნიკაციო არხი უმაღლეს დონეზე, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მისი განთავისუფლება. არ დარჩენილა არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ევროკავშირისა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის გაეროს მიმართულებით, ვისთანაც არ მქონია კომუნიკაცია ამ საკითხზე“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიაში განაცხადა, სადაც გამოეხმაურა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წერილობით მიმართვას საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი. 

მინისტრის განცხადებით, იგი ყველა უმაღლესი დონის შეხვედრაზე, მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საუბრობს ამ თემაზე და მინისტრის ყველა ვიზიტი, რომელიც მომდევნო ორ კვირაშია დაგეგმილი, აუცილებლად იქნება გამოყენებული ამ საკითხის გადასაჭრელად.

„ეს წუთია დავასრულე შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან და მასთანაც მქონდა ამ საკითხზე საუბარი. ხვალ მექნება შეხვედრა ჩემ კოლეგასთან ჰაიკო მაასთან და მასთანაც ვისაუბრებ ამაზე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა და დღემდე აქვს კომუნიკაცია ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან, ასევე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან  ფედერიკა მოგერინისთან, რომელიც ასვეე პირადად, ყოველდღიურ რეჟიმშია ინფორმირებული პროცესების განვითარების შესახებ და აგრეთვე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან, რომელიც პირველივე დღიდან არის უშუალოდ ინფორმირებული და პროცესში ჩართული.

დავით ზალკალინის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები.

„ჩვენმა მისიებმა მაქსიმალურად წამოწიეს ეს საკითხი ყველა არსებულ ფორმატში. გაეროში ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა ამ საკითხზე ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებზე. ჩვენმა დელეგაციამ ძალიან მწვავედ დააყენა ეს საკითხი ეუთოს მუდმივ საბჭოში, რასაც გამოეხმაურა ეუთოს გენერალური მდივანი, რომელიც პირადად არის ინფორმირებული.

ამ კვირაში ჩავდივარ სტრასბურგში, სადაც გადმოვიბარებ თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში და იქაც, ევროპის საბჭოში, ამ საკითხის შესახებ კიდევ უფრო მეტად აქტიურად ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის გენერალური მდივნის დონეზე და ინფორმაციასაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ.

მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს წითელ ჯვართანაც. ჩვენი ელჩი ჟენევაში მუდმივად, რეგულარულად ხვდება წითელი ჯვრის ხელმძღვანელობას“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

ექიმი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს, ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქართველი ექიმი თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის, თამარ გიგაურისთვის, რომელიც ჭაში ჩავარდა, მოტეხილობები აქვს და მკურნალობას ვერ ახერხებს.

15 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ დაკავებულ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაშია. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი პირის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]