weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

ახლა რომ დეპუტატი ვიყო, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერდი – მელია

16:37 შაბათი, 20 ივნისი 2020 hits 408

მე რომ ახლა დეპუტატი ვიყო, არ დავფიქრდებოდი და მხარს დავუჭერდი საკონსტიტუციო ცვლილებებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ყოფილმა დეპუტატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელია გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირონ მხარი.

„ბიძინა ივანიშვილი ეძებს გამოსავალს, რომ ჩააგდოს  ცვლილებები და ისე ჩააგდოს, რომ ეს მას არ დაბრალდეს და ბრალეულობა ოპოზიციურ პარტიებსაც გადაუნაწილოს. 120/30 პროპორციით საარჩევნო სისტემა ბიძინა ივანიშვილს გარანტირებულ მარცხს უქადის. პროპორციული წესით 120 მანდატი უნდა გათამაშდეს, ნაცვლად 73-სა, რაც ვეებერთელა სხვაობაა მის საწინააღმდეგოდ. ბუნებრივია, ის ახლა ცდილობს, რაიმე სახით შემოატრიალოს ვითარება“, – განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება იძლევა იმის გარანტიას, რომ პირველ მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება.

„ხვალ მივიღებთ თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას, დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები არ ჩავარდება, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენით როდესაც გაიმართება კენჭისყრა, მაშინ ნამდვილად დაგვჭირდება, რომ ოპოზიცია იყოს ჩამოყალიბებული. გულახდილად გეუბნებით, მე პირადად ყველაფერს გავაკეთებდი და გავაკეთებ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღოს ის, რაც უნდა.

ტყუილია იმის თქმა, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ეს თავიდან ბოლომდე დაბრალდება ხელისუფლებას. ხელისუფლება ეშმაკობს. ინსტიქტი მკარნახობს, რომ ხვალ ჩაგდებას აპირებდა, მაგრამ ვეღარ ჩააგდებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ევროპულმა საქართველომ“ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს. როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, თუ პირველ მოსმენაზე საკითხი ჩავარდება, ამით საარჩევნო სისტემის ცვლილების განხილვაც დასრულდება, ხოლო მხარდაჭერის შემთხვევაში, მეორე და მესამე მოსმენების დასრულებამდე გაჩნდება დამატებითი დრო, რომ  პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ცვლილებებს მხარს მხოლოდ რურუას გათავისუფლების შემთხვევაში დაუჭერენ.

„ევროპული საქართველოს“ დღევანდელ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების განცხადება, რომლითაც 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. საპარლამენტო პარტიებს ანალოგიური მოწოდებით მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

პარლამენტი კონსტიტუციური კანონის პროექტს პირველი მოსმენით ხვალ, 21 ივნისს განიხილავს. 85 პარლამენტარის მიერ ინიციირებული პროექტი ითვალისწინებს მანდატების გადანაწილების წესს პროპორციული სისტემის სასარგებლოდ 120/30-ზე. ასევე, გათვალისწინებულია 1%-იანი ბარიერი პარტიებისთვის, ხოლო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი პარტია შევა ბლოკში. ცვლილება ითვალისწინებს, ასევე, 40%-იან ჩამკეტ მექანიზმს - თუ არჩევნებში პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას, ის ვერ მოიპოვებს პარლამენტში უმრავლესობას და ვერ მოახდენს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]