weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

რესპუბლიკურმა პარტიამ არჩევნებში რეგისტრაციაზე ცესკოს უარი გაასაჩივრა

16:47 კვირა, 19 ივლისი 2020 hits 827

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას“ პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრა. როგორც ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას 17 ივლისის განკარგულებაშია აღნიშნული, პარტიამ და მისმა წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ ცესკოს ვადაგადაცილებით მიმართეს.

ცესკო განმარტავს, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, იმ პარტიებს, რომლებსაც მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არ ჰყავთ, ცესკოს თავმჯდომარისთვის განცხადებით 15 ივლისამდე უნდა მიემართათ.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ თამარ ჟვანიას განკარგულება სასამართლოში გაასაჩივრა, რადგან მიაჩნია, რომ ცესკომ კანონი არასწორად განმარტა. თამარ კორძაია „რეგინფოსთან“ აცხადებს, რომ საკუთარი ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში შეასრულეს და განცხადება ფოსტას 14 ივლისს, ცესკოს თავმჯდომარისთვის მიმართვის ვადის ამოწურვამდე ჩააბარეს.  

„მაგალითად, საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლოს შემთხვევაში, ფოსტაში ჩაბარება ითვლება ვადის დაცვად.

საარჩევნო კოდექსში აკრძალვა, რომ ფოსტით არ შეიძლება საბუთების გაგზავნა, ან პირდაპირი მითითება, რომ ფიზიკურად უნდა მიხვიდე ცესკო-ში და განცხადება იქ ჩააბარო, არ წერია. ამიტომ, ფოსტით გავგზავნეთ. ფოსტამ მიიტანა მომდევნო დღეს, 15 ივლისს, რაც ცესკომ ვალდებულების შესრულების დღედ განსაზღვრა და მიიჩნია, რომ დავაგვიანეთ.

ახლა სადავო საკითხია, ფოსტაში ჩვენს მიერ ჩაბარება ჩაითვლება თუ არა ვადის დაცვად კანონის ამ ნორმების შესაბამისად, იმ პირობებში, რომ არსად აკრძალვა არ არის, საარჩევნო კოდექსში სპეციალური წესი განსაზღვრული არაა და ა.შ.“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, თუ ხვალ, 19 ივლისს, სასამართლო მათ სარჩელს არ დააკმაყოფილებს და ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებას ძალაში დატოვებს, „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტის არჩევნებში სხვა გზით მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ ისედაც ვთანამშრომლობდით სხვა პარტიებთან და არჩევნებში მონაწილეობას სხვა ფორმით მივიღებთ“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

ცესკოს ინფორმაციით, 15 ივლისის მდგომარეობით, საარჩევნო ადმინისტრაციას რეგისტრაციის მოთხოვნით სულ 68 პარტიამ მიმართა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]