weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველო ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა

11:18 პარასკევი, 04 სექტემბერი 2020

საქართველო რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა. აგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეფასებით, ნავალნის მოწამვლა აღმაშფოთებელი და უაღრესად არაჰუმანური, უკანონო ქმედებაა.

3 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით, ნავალნის მოწამვლის ფაქტზე იმსჯელეს და გაკეთდა ევროკავშირის განცხადება. განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია ამ საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა

„ეს არის მართლაც აღმაშფოთებელი და უაღრესად არაჰუმანური, უკანონო ქმედება. საქართველო შეუერთდა ევროკავშირის ამ განცხადებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვართ სოლიდარული ჩვენი ევროპელი პარტნიორების.

შევუერთდით მოწოდებას, რომ აუცილებელია დაუყოვნებელი, სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება, რათა იმ ადამიანებმა, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, აგონ პასუხი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

2 სექტემბერს, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა ნავალნის წინააღმდეგ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვულ-პარალიტიკური მომწამლავი ნივთიერების გამოყენების ფაქტი. კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, კვლევის შედეგების შესახებ აცნობეს გერმანიის პარტნიორებს ევროკავშირსა და ნატო-ში.

„ამას ერთად განვიხილავთ და რუსეთის პოზიციის გათვალისწინებით, გადავწყვეტთ, როგორი საერთო რეაქცია იქნება თანაზომიერი. ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ეწინააღმდეგება ძირითად უფლებებს და ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოწამლეს, სავარაუდოდ, მანამდე, ვიდრე ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში გაფრინდებოდა. ოპოზიციონერის პრეს-მდივნის ინფორმაციით, იმ დილით, ფრენამდე ნავალნიმ მხოლოდ აეროპორტის კაფეში შეძენილი ჩაი დალია. ნავალნი შეუძლოდ ბორტზე გახდა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ქალაქ ომსკში დაეშვა. ალექსეი ნავალნი ომსკიდან ბერლინში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. თითქმის ორი დღის განმავლობაში მას რუსეთის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. ამ დროისთვის ის ხელოვნურ კომაშია. ექიმების განცხადებით, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]